U 10 ასაკობრივ ჯგუფში ,,სამტრედიას” დღეს შეხვედრა ჰქონდა წყალტუბოს ,,სამგურალთან”. თამაში წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართა. სტუმრებმა მასპინძლებს დიდი ანგარიშით, 5:0 მოუგეს, რითაც ლერი მეგენეიშვილის, ოთო ზაქარეიშვილის, მიშა ბანძავას და გიგა ხურცილავას შეგირდებმა კიდევ ერთხელ შეინარჩუნეს მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ადგილი. შეგახსენებთ, რომ ამჯერად მიმდინარეობს ჯემალ ხერხაძის სახელობის ფესტივალი ფეხბურთში, რომელსაც საფუძველი 2022 წლის ზაფხულში ჩაეყარა. ,,სამტრედია” 5 ქულით უსწრებს გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, ქუთაისის ,,ტორპედოს”.
,,დარჩენილი გვაქვს 2 თამაში, რომელიც საბოლოოდ გამოავლენს ფესტივალის გამარჯვებულს. ვფიქრობ, რომ ამ ტიტულს სამტრედიელი ფეხბურთელები დაუბრკოლებლად მოიპოვებენ. გუნდში 22 ფეხბურთელი გვყავს. ამ თამაშებში ბიჭებმა კარგი მომზადება აჩვენეს. ჩატარდა სულ 17 შეხვედრა, აქედან 16 მოგება სამტრედიის გუნდს აქვს. დაგვრჩა 2 თამაში, ვიმედოვნებ, რომ ,,სამტრედია” ჯემალ ხერხაძის სახელობის თასის მფლობელი გახდება. ჩვენი ბიჭები 2020 წელში სამეგრელო- ზემო სვანეთის ფესტივალის გამარჯვებულებიც არიან,”- განაცხადა ,, გურია ნიუსთან” გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლერი მეგენეიშვილმა.
ავტორი