50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც ბუსტერ დოზით აიცრებიან, 100 ლარს მიიღებენ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გარდა ამისა, ღიბრაძის თქმით, გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის აცრების წახალისების 200-ლარიანი პროგრამა კიდევ ერთი თვით გაგრძელდება.
„გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ აცრების წახალისების პროგრამა კვლავ გაგრძელდება ერთი თვით. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებს, იმ ადამიანებსაც შეეხებათ წახალისების პროგრამა, ოღონდ ამ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ღიბრაძემ.
ამასთან, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ დამატებითი შეზღუდვები ამ მომენტისთვის არ წესდება.