“საქართველოს ბანკის” ტექნიკური ხარვეზის შედეგად დაზარალებული რომან ბიწაძე განმარტავს, რომ 8 აგვისტოს, 13 საათსა და 12 წუთიდან, მის ანგარიშზე საბანკო ოპერაციების წარმოების შესაძლებლობა განახლდა: “ამ დროს შევამოწმე სახელფასო ბარათი “მაესტრო” და ანგარიშზე აღმომაჩნდა 7 ლარი და 21 თეთრი. დანარჩენი თანხა სესხის დავალიანებაში გადაირიცხა. ბანკს რაიმე სახის განმარტება ჩვენთან მიმართებაში არ გაუკეთებია. ერთხელ მივიღეთ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ბარათი, რომელშიც განგვიმარტავდნენ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო შეუძლებელი იყო ჩვენი კუთვნილი ანგარიშების გამოყენება. მე ვფიქრობ, რომ რადგან ამ საქმემ დიდი რეზონანსი გამოიწვია და ძალიან გახმაურდა საზოგადოებაში, კონტროლის პალატის წერილის საფუძველზე ბანკი იძულებული გახდა აბსურდული ვალები გაენულებინა. ამ ეჭვს კიდევ უფრო მიძლიერებს ის, რომ მსგავს ფაქტს “პროკრედიტბანკშიც” ჰქონდა ადგილი. ამ ბანკის დიდი წილის მფლობელი, როგორც ამბობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სწორედ მან გაახმაურა ეს საქმე. ამის შემდეგ ბანკები იძულებულნი გახდნენ ანგარიშები ხელმისაწვდომი გაეხადათ,” _ უთხრა “გურია ნიუსს” რომან ბიწაძემ.
განულდა “კარდაკარის” პროგრამაში დასაქმებული პირების დავალიანებაც. მათ ჯერ არც კუთვნილი ხელფასები აუღიათ. ბიწაძის აზრით, ხელფასების დარიცხვის შემდეგ, არაა გამორიცხული ბანკმა შეცვალოს პოზიცია და კვლავ რეპრესიული ფინანსური პოლიტიკა აწარმოოს ამ ადამიანების მიმართ, რა თქმა უნდა, თუ ამას მისგან სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული სამსახური მოვლენებთან კავშირს დღემდე არ აღიარებს.