“გურია ნიუსი” დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს საჯარო მოხელეების ახალ “საოჯახო შეხვედრების” ტენდენციას და რეპორტაჟს თავშეყრის ადგილიდან მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
“საპურმარილო” სუფრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, გომის უბანში, ერთ-ერთი საჯარო მოხელის ბიძინა ქარჩავას სახლში შედგა, რომელიც სოფლის განვითარების ცენტრის აიპი-ში მუშაობს .
შეკრებილთა შორის არიან: სოფელ შემოქმედის რწმუნებული ბესიკ ლომინაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი, რამდენიმე საჯარო მოხელე მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. ასევე გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი, ანი ჩუბინიძე და “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები.
სავარაუდოდ, შეხვედრა მომავალ საარჩევნო გეგმებს უკავშირდება.
თუმცა, მიმსვლელები ამბობენ, რომ სუფრაზე არიან მიპატიჟებულები. “გურია ნიუსის” მოკრძალებულ თხოვნაზე _ ჩვენც ხომ არ მიგვიწვევდნენ, თუნდაც ერთი ჭიქა წყლის დასალევად, პასუხი შეხვედრის დასრულების შემდეგაც არავის გაუცია და არც წყალი მოუწოდებია…
შეხვედრაზე საარჩევნო კომისიის წევრები და პოლიციის ყოფილი თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.
მაგალითად, გია მამაკაიშვილი გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი ფინანსისტი იყო წლების განმავლობაში და ბოლო ორი წელია, რაც აღარ მუშაობს. ამჟამად შპს “საქართველოს ფოსტის” აჭარა-გურიის სამმართველოს ოზურგეთის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელია.
როგორც შემოქმედელი თამარ აბაშმაძე განმარტავს, ის არის, საარჩევნო კომისიის წევრი ნაციონალებიდან, და მას არაფერი აქვს დასამალი: “მე ნაციონალი ვარ თავიდან ბოლომდე, მაგენს ვენაცვალე, იქ ვარ, სადაც ნაციონალები არიან. მაია ჩემი გული და სული და მთელი ცხოვრება”, _ გაგვიცხადა მან.