_ გურიას და გურულებს ჩაუშალეს ის დღესასწაული, რომელიც ტარდება ყოველი წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს, ას წელზე მეტია. მე და ჩემს მეგობრებს გვინდოდა, ბახმაროში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში, დავსწრებოდით წირვას. ამიტომ წავედით ადრიანად, მაგრამ არ შეგვიშვეს, _ აღნიშნა ჭკუასელმა.
მისივე თქმით, სამართალდამცველებისგან ვერ მიიღეს განმარტება, თუ რატომ არ უშვებდნენ კურორტზე: _ ერთადერთი მიზეზი, ისიც უსუსური, რაც თქვეს, ის იყო, რომ უსაფრთხოების მიზნით არ გვიშვებდნენ. ვკითხე კიდევაც, თუ არ აპირებდნენ შეშვებას, ამხელა გზაზე რატომ ამოგვიყვანეთ, ხიდისთავში მაინც გაგეფრთხილებინეთ,-მეთქი. მხოლოდ ამაზე მოიხადეს ბოდიში, _ თქვა დეპუტატობის კანდიდატმა და დასძინა: _ დღე არ გავა, რომ რომელიმე არხზე არ გავიდეს დიდი ასოებით _ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ნებისმიერი პარტიიდან არ შეიძლება ხელი შეეშალოს გადაადგილებაზე, აგიტაციაზე და ასე შემდეგ. ეს კანონი იმ ადამიანების მიერ არის მიღებული, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან და თავიანთ გამოცემულ კანონებს არღვევენ.
ჭკუასელი უწყებათაშორისი კომისიის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, “ქართული ოცნება” დღესასწაულზე დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით არ შეუშვეს. კომისია განმარტავს, რომ “ნაციონალები” იმიტომ შეუშვეს კურორტზე, რომ მათ “დაასწრეს კურორტზე ასვლა” სხვა პოლიტიკურ ძალას: _ ეს აბსურდული განცხადებაა. დღესასწაულის მითვისება შეიძლება? საინტერესოა, ჩვენ რომ დაგვესწრო და მერე მოსულიყო პრეზიდენტი, რას ეტყოდნენ _ ვერ შეგიშვებთ ბატონო პრეზიდენტი, იქ “ქართული ოცნებააო?”
დეპუტატობის კანდიდატს აინტერესებს, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ჩოხატაურის გამგებელი ლელა იმედაშვილი და მისი კოლეგა “ნაციონალებიდან” მანანა ჯინჭარაძე: _ ორივე მათგანი ძალიან განათლებული ადამიანია. ქალბატონი ლელა გახლავთ ფილოსოფოსი და ძალიან კარგი ოჯახის შვილი. მესმის, რომ ისინი, იმას, რაც ჩაფიქრებული იყო პრეზიდენტისგან, ვერ შეცვლიდნენ, ვერაფერს მოახერხებდნენ, მაგრამ არსებობს შეფასება. მათ მინდა ვკითხო და ვთხოვო, საჯაროდ გამცენ პასუხი _ მათ მოეწონათ ის, რომ თემურ ჭკუასელი, მათი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი და ქალბატონი მანანას კოლეგა, ასევე, ადამიანები, რომლებიც მესალმებოდნენ ან უბრალოდ გაზეთი მისცეს ჩვენმა აქტივისტებმა, ბახმაროში არ შეუშვეს?