განცხადება ეხება 17 აგვისტოს, მათივე ოფისში გამართულ მორიგ დახურულ შეხვედრას და მასში ძირითადად მედიის მუშაობაზეა ყურადღება გამახვილებული.
“გასული კვირის პარასკევს, 17 აგვისტოს, 18 საათის შემდეგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისში პარტიის დახურული შეხვედრა მიმდინარეობდა ოფისის კარებთან ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ლელა ნაცვალაძისა და ზოგიერთი მედიასაშუალების “პატრულირების” ფონზე (როგორც ჩანს მედიის იმ წარმომადგენლები, რომლებიც იმ დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისისთან იყვნენ, ამავე პარტიის განმარტებით, თურმე ასევე “პატრულირებდნენ”).
ამ ადამიანებმა ზემოხსენებული შეხვედრის თაობაზე გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია, თითქოსდა საჯარო პირები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სამუშაო საათებში დახურულ შეხვედრაზე შეიკრიბნენ, თურმე მსგავსი დახურული შეხვედრები ოჯახებსა და გამგეობის შენობაშიც იმართება და რომ საკრებულოს თავმჯდომარე თავის სამუშაო დროს უკანონოდ იყენებს პარტიის სასარგებლოდ. მმართველი პარტიის დახურული შეხვედრები ხშირად ხდება იგივე მედიასაშუალებების უკმაყოფილების მიზეზი.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაცია განმარტავს:
ბუნებრივი სწორედ ის არის, რომ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას პარტიები ხშირად მართავენ შეხვედრებს აქტივისტებთან და ამომრჩევლებთან ოფისში ან მხარდამჭერის ოჯახში. ნებისმიერი პარტია იყენებს საკუთარ რესურსს. მმართველი პარტიის ადამიანური რესურსებია ადმინისტრაციულ სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანებიც და ესეც სრულიად ბუნებრივია.
ნაციონალური მოძრაობისათვის პრიორიტეტია, რომ დაცული იყოს კანონმდებლობის მოთხოვნები, კონკრეტულად, არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ან აგიტაციაში საჯარო მოხელეების ჩართვა სამუშაო საათების დროს _ იმ პერიოდში, როცა უშუალოდ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას. შესაბამისად, როგორც წესი, მმართველი პარტიის ოზურგეთის ოფისში ან თუნდაც ვინმეს ოჯახში, უბანში შეხვედრები 18 საათის შემდეგ იწყება, კონკრეტულად, პარასკევს, 17 აგვისტოს, შეხვედრა 18 სთ 15 წთ.-ზე დაიწყო.
საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ნებისმიერი პარტიის ოფისში გამართული შეხვედრების დიდი წილი საარჩევნო სტრატეგიის და ტექნიკის განხილვაზე ანუ იმაზე თუU როგორ უნდა მოხდეს კონკრეტული პარტიის ან კანდიდატის სასარგებლოდ ხმების მობილიზება ჟურნალისტებისა და მით უმეტეს, ოპოზიციონერთათვის დახურულია. ამ ტიპის შეხვედრები გახადოს თუ არა საჯარო _ ამის გადაწყვეტა არის პარტიის უფლება და არა ვალდებულება. ასევე პარტიის უფლებაა საარჩევნო ფონდიდან შეხვედრაზე კვების დაფინანსება, თუ ამის საჭიროებას დაინახავს.
არჩევითი ორგანოს თანამდებობის პირებს, წარმომადგენლებს _ პარლამენტის, საკრებულოს თავმჯდომარეს, დეპუტატებს უფლება აქვთ ჩაერთონ აგიტაციაში დროის ნებისმიერ პერიოდში ერთი პირობით _ არ გამოიყენოს სახელმწიფო რესურსები ამ საქმიანობისათვის. შესაბამისად, ბატონი ალეკო მამეშვილი სამუშაო საათებშიც რომ გამოჩენილიყო შეხვედრაზე, ეს კანონდამცველთა წყრომის საფუძველი არ არის, თუმცა როგორც ეტყობა, “ცრუ განგაში” ქულების ჩაწერის საშუალებად ესახება ზემოხსენებულ ადამიანებს.
ვიმეორებთ, პარტიებისათვის დახურული და საჯარო შეხვედრები არის ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი და მმართველი პარტიაც იყენებს ამ უფლებამოსილებას ყველგან, გარდა ადმინისტრაციული შენობებისა, შეხვედრებზე სამუშაო საათების შემდეგ იკრიბებიან ის პირებიც, რომლებსაც პარტიული საქმიანობა სამუშაო საათებში ეკრძალებათ.
ზოგიერთების მწვავე უკმაყოფილება მმართველი პარტიის დახურულ შეხვედრებზე მათი მიუპატიჟებლობის გამო და მედიაში ქილიკი ამ თემაზე, შეგვიძლია განვიხილოთ მავანთა მიერ რეიტინგის გაუმჯობესების წარუმატებელ მცდელობად.
ასეთ “ოპონენტებს” ვურჩევთ გულისყურით გაეცნონ საარჩევნო კანონმდებლობის იმ მუხლებს, რომლებიც არეგულირებენ ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ საკითხებს და კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ თავს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვის მაღალ სტანდარტს უწესებს. მმართველ პარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ პარტიის მიზანია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვება.” _ ნათქვამია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვრცელ განცხადებაში.