_ “ვმუშაობდი წყალზე, წყლის მომარაგების საქმეს ვაკეთებდი. რამდენიმე დღეა, რაც გამათავისუფლეს. რწმუნებულმა მითხრა, აქ არაა ადგილი “ქართული ოცნების” ხალხისთვის, სოფელში უნდა მუშაობდეს მხოლოდ “ნაციონალებიო”. რა მნიშვნელობა აქვს აწი, ვინმე არის გამკითხავი თუ რა, ან პასუხს მოთხოვს ვინმე რწმუნებულს?
რა იცის მან, საიდან დაასკვნა, “ნაციონალი” ვარ, “ქრისტიან-დემოკრატი” თუ “ქართული ოცნება”? ეს რა მისი გასარკვევია?
_ ბატონო ბეჟან, რწმუნებული ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ცუდად მუშაობდით და იმიტომ გაგათავისუფლათ.
_ იმ სიმართლით იარა მაგან. მაგია უნამოსო კაცი, მას ადამიანობა არ გააჩნია. როგორ უარყოფს ამას, როცა პირადად მითხრა ეს სიტყვები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის რწმუნებული გოჩა შარაშენიძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ეს ფაქტი ასე არ იყო.
_ მე ამ სოფელში უნდა ვიცხოვრო, არ მაქვს იმის დრო, რომ ასეთ რამეებზე კომენატარები ვაკეთო. ბეჟანი ჩემი მეგობარია. წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელში, დავალებული აქვს ინდ.მეწარმეს, რომელსაც მე პირადად დავავალე, რომ აუცილებლად უნდა დაესაქმებინა ბახველები. მუშაობს ორი ადამიანი, ბეჟანი თავზე ადგას და უყურებს. ამ ხნის კაცი ხომ არ დავიწყებ იმის ლაპარაკას, მე ეს ვინ მითხრა? ინფორმაცია მოვიდა ჩემს ყურამდე. ეს მევალება მე, რომ ვაკონტროლო სოფლის პროექტები. მივედი ბეჟანთან და ვუთხარი, მოვიდა ჩემამდე ინფორმაცია, რომ შენ არ მუშაობ ისე, როგორც საჭიროა, ასე არ შეიძლება და სახლში უნდა წახვიდე მეთქი. გაბრაზდა, წასულა “ქართულ ოცნებაში” და იქ უთქვამს, შარაშენიძემ იმის გამო გამომაგდო, რომ თქვენი მხარდამჭერი ვარო. რა შუაშია “ქართული ოცნება” , არ მითქვამას მასე, _ განაცხადა რწმუნებულმა.