ამისთვის, „ნაციონალურ მოძრაობას“ მთელი ღამის მობილიზება დასჭირდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არა მხოლოდ კომისიის წევრებს ამუშავებდნენ, არამედ სოფლის რწმუნებულიც კი, მთელი ღამის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ხელისუფლების კაბინეტში ჰყავდათ.
რაც შეეხება კომისიის წევრებს, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საოლქო კომისიიდან დანიშნულ წევრს ლეილა კორიფაძეს, მთელი ღამის განმავლობაში აშანტაჟებდნენ; მიუხედავად იმისა, რომ იგი სხდომაზე მისვლას მაინც გეგმავდა, სხდომაზე აღარ გამოცხადდა.
სხდომაზე კომისიის ახალ თავმჯდომარედ საოლქოდან დანიშნული წარმომადგენელი ლაშა ბოლქვაძე აირჩიეს, რომელიც სკოლის დირექტორია; თავმჯდომარის მოადგილედ – ასევე საოლქოდან დანიშნული წევრი, თემურ ნადირიძე. ხოლო მდივნად – მარინა ჭიღლაძე. ეს უკანასკნელი „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ წარდგენილი წევრია. ის გუშინაც კომისიის მდივნად იქნა არჩეული და რც მთავარია, გუშინდელი სხდომის გადაწყვეტილების ანულირების ოფიციალური მიზეზი მის მიერ სხდომის ოქმის შევსებისას დაშვებული შეცდომა იქნა დასახელებული. ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ჭიღლაძე ისევ კომისიის მდივნად აერჩიათ.
სხდომას მაღალი თანამდებობის პირებიც „სტუმრობდნენ“ – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი სხდომის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. სხდომას, ტრადიციულად ესწრებოდა აუდისტის სამსახურის თანამშრომელი და ამავე დროს ცესკოს წარმომადგენელი გურიაში, რამაზ ნიკოლაიშვილთან დაახლოებული პირი, პაატა მანჯგალაძე.
ვრცელ კომენტარებს სხდომასთან დაკავშირებით და ვიდეომასალებს „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.