ამისთვის, „ნაციონალურ მოძრაობას“ მთელი ღამის მობილიზება დასჭირდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არა მხოლოდ კომისიის წევრებს ამუშავებდნენ, არამედ სოფლის რწმუნებულიც კი, მთელი ღამის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ხელისუფლების კაბინეტში ჰყავდათ.
რაც შეეხება კომისიის წევრებს, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საოლქო კომისიიდან დანიშნულ წევრს ლეილა კორიფაძეს, მთელი ღამის განმავლობაში აშანტაჟებდნენ; მიუხედავად იმისა, რომ იგი სხდომაზე მისვლას მაინც გეგმავდა, სხდომაზე აღარ გამოცხადდა.
ნატანებში ჩატარებულ ხელმეორე არჩევნებს დიდი ინტერესი ჰქონდა, ახალ სხდომას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეც ესწრებოდა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით, როგორც მის ბეიჯზე ამოვიკითხეთ, მას აკრედიტაცია ცესკოდან აქვს: ალეკო მამეშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ მეტი სარგებელი ხალხს”.
სხდომის დაწყებამდე, ზემო ნატანების საჯარო სკოლაში ჩვენთვის უცნობი ორი პირი გამოჩნდა, მანუჩარ გამყრელიძე და ზაალ ზაალიშვილი. მანუჩარ გამყრელიძე, რომელიც ჩვენი ინფორმაციით ცესკოს წარმომადგენელია აჭარა-გურიის რეგიონში, სხდომაზე სათანადო მოწმობის, ე.წ ბეიჯის გარეშე შევიდა. აღნიშნული ფაქტი არანაირ დარღვევად არ მიიჩნია, #60 ოზურგეთის სარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად თენიეშვილმა, რადგან ცესკოდან ჰქონდა განკარგულება, ამ ადამიანის დასწრების თაობაზე. მოგვიანებით, სხდომიდან გამოსულ მანუჩარ გამყრელიძეს საოლქოს წარმომადგენელმა კახა არობელიძემ დალუქული კონვერტი გადასცა, სავარაუდოდ იქ ბეიჯი იყო ჩადებული, სხდომის დასრულების შემდეგ კი ის შენობიდან ბეიჯით გამოვიდა. საბოლოოდ, ზემო ნატანების, #42 საუბნო კომისიის თავმჯდომარედ, ზემო ნატანების საჯარო სკოლის დირექტორი ლაშა ბოლქვაძე აირჩიეს, რაც ყოფილი თავმჯდომრის მომხრეებმა იქვე გააპროტესტეს.
მომხდარი ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას ”გურია ნიუსი” მალე შემოგთავაზებთ.