(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ფილიალებში სასწავლო პროცესი ჯერ არ განახლებულა. როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ხათუნა შარაძემ გვითხრა, სწავლა, სავარაუდოდ, 7 თებერვალს დაიწყება.
_ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყებას ხელი შესყიდვების სააგენტოში გახორციელებულმა რეფორმამ შეუშალა _ არ გამოვლინდა მომწოდებელი, არცერთმა პრეტენდენტმა არ წარმოადგინა სატენდერო დოკუმენტაცია საკვებ პროდუქტებზე, საკანცელარიო და სამეურნეო-ჰიგიენურ საქონელზე. ცენტრის მიერ გამოცხადებული თითოეული ელექტრონული ტენდერი გამჭვირვალეა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე გადაამოწმოს ჩვენს მიერ გამოცხადებული ტენდერები, _ გვითხრა ხათუნა შარაძემ.
ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია გავრცელებული ინფორმაცია, რომ სასწავლო პროცესის დაწყებას ხელი ვირუსმა შეუშალა. შარაძე პასუხობს: _ სასწავლო პროცესის დაწყებაზე ე.წ. “ღორის გრიპის” გახშირებულ შემთხვევებს გავლენა არ მოუხდენია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved