“ლოპოტას ხეობაში ე.წ ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებამდე ხეობა “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად ითვლებოდა და მაჟორიტარ პეტრე ცისკარიშვილს პანკისში არჩევნების მოგების 90 %-იანი შანსი ჰქონდა”, _ ეს განცხადება პანკისელმა ქისტებმა დღეს “გურია ნიუსთან“ საუბარში გააკეთეს.
“ამ არჩევნებზე ცისკარიშვილისთვის უნდა მიგვეცა ხმა, საერთოდ, რომელი მთავრობაც არ უნდა მოსულიყო, ჩვენ ქისტი ხალხი სულ მთავრობის მომხრეები და ერთგულები ვიყავით. ლაფანყურთან ჩვენი ბიჭების ჩახოცვის ამბავმა მოსახლეობაზე ძალიან იმოქმედა. მიშა აქედან ხმებს ვერ წაიღებს, ფეხს ვეღარ შემოადგამს აქ,” _ აცხადებს დუისის ერთ-ერთი მკვიდრი, რომელიც გვთხოვს მისი ვინაობა არ გავამხილოთ.
“ჩამოსვლით როგორ ვერ ჩამოვა, ვინ დაუშლის, მაგრამ ხეობის ხალხი არ გავა შეხვედრაზე, ამოიყვანს ალბათ ავტობუსებით თავის ხალხს და სადმე განაპირას ჩაატარებს შეხვედრას”, _ აცხადებს სოფელ ბირკიანის მკვიდრი ჩვენთან საუბარში.
ახმეტაში პეტრე ცისკარიშვილის საარჩევნო შტაბები რაოდენობით აშკარად ჭარბობს ზვიადაურისას, თუმცა, პანკისელები აცხადებენ, რომ ქისტი ახალგაზრდების დახოცვის შემდეგ, ნაციონალებს აქ გამარჯვების იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ.