ვაჰაბიტების მხრიდან უდანაშაულო ადამიანებზე შესაძლო შურისძიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ხანგოშვილი უსაფუძვლოს უწოდებს.
ჩვენი პანკისელი წყაროების ინფორმაციით,ხელისუფლებამ პანკისელებს ულტიმატუმი შესთავაზა _ გარდაცვლილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემენ ჭირისუფალს, თუ პანკისს უკანასკნელი ჟურნალისტი დატოვებს. მექა ხანგოშვილი ფიქრობს, რომ ხეობაში მედიის მუშაობას და საზოგადოების ინფორმირებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
“რა თქმა უნდა, მედია უნდა აშუქებდეს იმას, რაც მოხდა. მე თვითონ ძალიან მიჭირს მომხდარის შეფასება, მაგრამ, ვფიქრობ, მედიამ ხალხს ის უნდა უთხრას, რაც სინამდვილეში მოხდა,” _ აცხადებს ხანგოშვილი „გურია ნიუსთან” საუბარში.
პანკისელი ქისტები ლაფანყურელებისაგნ განსხვავებით, მედიასთან თითქმის არ კონტაქტობენ, ხანგოშვილი ამას წარსულში ჟურნალისტთან დაკავშირებულ “მწარე გამოცდილებით” ხსნის: “ჩვენს ხალხს ჟურნალისტთან ურთიერთობის ძალიან მწარე გამოცდილება აქვს, ისედაც ნაკლებად მოსაუბრე მენტალიტეტის ხალხი ვართ და მით უმეტეს. ამ მდგომარეობაში საუბარი ყველას უჭირს,” _ აცხადებს მექა ხანგოშვილი.
მისი განცხადებით, ჭირისუფლები ამ დრომდე ცხედრების გადმოცემას ელოდებიან და მათი დუმილი, გარკვეულწილად, ამითაცაა განპირობებული.