(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ თებერვალი დადგა, მაგრამ გურიაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, მასწავლებლებს იანვრის ხელფასი არ მიუღიათ და ასობით პედაგოგს, ვინც ბანკიდან სესხით სარგებლობს, დაჯარიმება ემუქრება. ოზურგეთში, “ვითიბი” ბანკის წარმომადგენლებთან საუბრისას გვითხრეს, რომ გაბრაზებული მასწავლებლები ბანკში მოდიან და დაობენ:
_ რა შუაში ვართ ჩვენ? _ გვითხრა ოპერატორმა, _ ჩვენი მომსახურებით უამრავი პედაგოგი სარგებლობს და პრობლემა არასოდეს გვქონია. თუ ხელფასი დროულად არ ჩამოირიცხა, ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდება. სხვათა შორის, მსგავსი რამ, დიდი ხანია, არ მომხდარა.
ის მასწავლებლები, რომლებიც კრედიტით სარგებლობენ, დაჯარიმებას ვერ ასცდებიან, რადგან ბანკს თავისი წესები აქვს.
_ მინისტრი შაშკინი, 2011 წლიდან, ლამის აყვავებას, განსაკუთრებით კი ხელფასების ყოველი თვის 25 რიცხვამდე ჩარიცხვას შეგვპირდა, ამიერიდან დიდი და მცირეკონტიგენტიანი სკოლების სხვადასხვანაირ დაფინანსებას ბოლო მოეღება და ნებისმიერი პედაგოგი სრული რაოდენობის ხელფასს, ყოველგვარი გაყოფის გარეშე, მიიღებსო, _ თქვეს მასწავლებლებმა “გურია ნიუსთან” საუბრისას, _ სინამდვილეში, რა ხდება? როგორი გამართლებაც უნდა მოუძებნონ შაშკინის საახალწლო “გზავნილს”, გურიაში მსგავს შეპირებას, “მამალ ტყუილს” ეძახიან, _ ამბობენ ისინი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved