მარინა ელიოზიშვილი, “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, რომელიც აქტიურადაა ჩართული პარტიულ საქმიანობაში. ის ორი დღის განმავლობაში, ორმა გამომძიებელმა დაიბარა, ოღონდ ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე.
გუშინ ის დიდუბე-ჩუღურეთის მეორე განყოფილების უფროსმა ინსპექტორ გამომძიებელმა, ირაკლი კაჭარავამ დაიბარა განყოფილებაში, მაგრამ არ განუმარტა რა სტატუსით.
“ქართული ოცნების” ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრის, ადვოკატ ვარლამ ხათრიძის განცხადებით, ამ გამოძახებებს თან ახლდა მუქარის ტონიც:
“მე გუშინვე მივმართე აღნიშნული განყოფილების უფროსს განცხადებით და მოვითხოვე ეცნობებინა, ეს ქალბატონი რა საქმისთვის და რა სტატუსით იქნა გამოძახებული, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ამის შემდეგ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაურეკა მთავარი სამმართველოს გამომძიებელმა თამაზ ზედგინიძემ და მუქარის ტონით მოთხოვა, გამოცხადებულიყო მთავარ სამმართველოში. რა თქმა უნდა, არც მან განუმარტა, რის გამო ხდებოდა დაბარება. ამის შესახებ ვაცნობე სახალხო დამცველსაც და გენერალურ ინსპექციასაც, განცხადება შევიტანე ასევე მთავარ სამმართველოშიც. რაც მთავარია, ეს ქალბატონი, არის “ქართული ოცნების” წევრი და აქტივისტი.
მას კიდევ ერთხელ დაურეკა თამაზ ზედგინიძემ და უთხრა, მე როგორც ვიცი, შენი ადვოკატი უნდა იყოს ვარლამ ხათრიძე, მაინც არაფერი გამოგივა, გამოცხადდი აქო.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვერიდებით არსად გამოცხადებას, მოსულები ვართ მთავარ სამმართველოში და ველოდებით. გამომძიებლები, გარდა იმისა, რომ არ გამოუგზავნიათ არანაირი უწყება, ახორციელებენ მუქარებს. უწყების ჩაბარება არის ძალიან ელემენტარული პროცედურა, მაგრამ ამასაც არღვევენ.
მარინა ელიოზაშვილს ვარაუდიც კი არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რაზე შეიძლება იყოს დაბარებული,” _ განაცხადა ვარლამ ხათრიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.