მეორე დავალებით, მათ არ უნდა ეთქვათ, ვისი ფინანსებით მიდიოდნენ ოზურგეთში და თუ რომელიმე “ინტრიგანი” ჟურნალისტი ამ შეკითხვას დასვამდა, უნდა ეთქვათ, რომ პრეზიდენტთან შესახვედრად საკუთარი სურვილით და საკუთარი სახსრებით მიდიოდნენ. ანალოგიური დავალება ჰქონდათ მიკროავტობუსის მძღოლებსაც. კითხვაზე, ვინ გადაუხადათ მგზავრობის თანხა, მარტივად _ მხრების აჩეჩვით გვპასუხობდნენ.
რაც შეეხება რიგით ადამიანებს, აღმოჩნდა, რომ ზოგმა თხილი ჩააბარა და იმ ფულით მიდიოდა, ზოგი მამის ბიუჯეტს იყენებდა, ზოგიც კიდევ პენსიიდან იკლებდა თანხას _ როგორც ჩანს, ხელისუფლებამ კარგი ტრენერი იშოვა.
უფრო მეტიც, მოკროავტობუსში მსხდომმა სკოლის მოსწავლეების ნაწილმა რუსეთის აგენტებად მოგვნათლეს, მათზე უფროსებმა _ ფულზე გაყიდულებად, ნაწილმა კი, უბრალოდ, პროვოკატორები გვიწოდა.
წამსვლელთა შორის რამდენიმე პრობაციონერიც იყო. მათ შორის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, გია გიორგაძის დის ქმარი, თენგიზ გუდავაძე. აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანი, ცოტა ხნის წინ პრემიერ მერაბიშვილს, როგორც წარმატებული მეურნე, ისე წარუდგინეს, ხოლო ცოტა მოგვიანებით, ამავე სტატუსის გამო მის ყანაში, დავით ბაქრაძემ მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა.
თენგიზ გუდავაძე ხიდისთავის ყოფილი რწმუნებულია და არჩევნებში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მისი გათავისუფლება და შემდეგ დაკავება, დოკუმენტის არასწორად გაცემის გამო მოხდა. თუმცა, გუდავაძემ თავისუფლებისთვის საჭირო თანხის შოვნა მოახერხა. მაგრამ ხელისუფლების ვალი, როგორც ჩანს, ჯერ ვერ გაისტუმრა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იქ მყოფთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც კამერის მიღმა, ჩუმად გვეუბნებოდნენ, რომ ხუთნომრიანი მაისური ბევრს არაფერს ნიშნავდა:
_ მთავარია, შიგნით რაა, _ გვითხრა ერთ-ერთმა ჩინოსანმა.
იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა, სარეკლამო ბანერები ავტომანქანაზე უკუღმა გააკრეს.