შემდეგ თბილისის საფეხბურთო სკოლაში გადავიდა, სადაც ჭაბუკთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდა. 1975-1987 წლებში თამაშობდა ლანჩუთის “გურიაში”, იყო ლეგენდარული “გურიას” კაპიტანი. საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ იყო “გურიას” დირექტორი 1993 წლამდე. ქვეყანაში არსებული განუკითხაობისა და შიდა დაპირისპირების ფონზე, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, იგი გუნდში უხელფასოდ მუშაობდა.
სანამ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა, თემურ ჩხაიძე საფეხბურთო გუნდ “გაგრას” მწვრთნელი იყო. საკმარისი აღმოჩნდა, ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერი განცხადება გაეკეთებინა, რომ უცერემონიოდ დაითხოვეს თანამდებობიდან და სამსახურის გარეშე დატოვეს.
როგორია თემურ ჩხაიძის შეხედულებები პოლიტიკაზე, სპორტზე, რა ფასეულობებით ცხოვრობს მომავალი პოლიტიკოსი _ ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
_ თქვენი მხარდამჭერები პატიოსან და შეუბღალავი წარსულის მქონე პიროვნებად მიგიჩნევენ. როგორ გგონიათ, ქართულ პოლიტიკაში ეს შეიძლება კაპიტალად ჩაითვალოს?
_ აზრი, რომ პატიოსნება და პოლიტიკა ერთმანეთისგან შორს მდგარი მცნებებია, სამწუხაროდ, მხოლოდ ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. ვგულისხმობ ქვეყნებს, რომლებსაც ავტორიტარული რეჟიმები მართავენ. პატიოსნება, ჩემი აზრით, ის ფუნდამენტია, რაზეც უნდა დაფუძნდეს პოლიტიკური საქმიანობა. საერთოდ, პოლიტიკა და არჩევნები ხშირად შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებიც შეიძლება არაჯანსაღად მოგვეჩვენოს. მაგრამ პოლიტიკის საფუძველი უნდა იყოს პატიოსნება და სამშობლოს სიყვარული. ჩემთვის ეს მცნებები უმთავრესია. იმის მაგალითად, რომ პოლიტიკა და პატიოსნება არ არის შეუთავსებელი, რომ პატიოსანი ადამიანი შეიძლება გახდეს კარგი პოლიტიკოსი, შემიძლია ბიძინა ივანიშვილის პიროვნება დავასახელო. როგორ არ ცდილობენ, რომ მის წარსულში ბნელი მხარეები დაინახონ, მაგრამ ვერაფერს პოულობენ და ამიტომაა, რომ მხოლოდ რუსეთთან მისი კავშირების შესახებ ლაპარაკობენ. სხვა ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ.
_ პატიოსანი პოლიტიკოსის იდეალად თქვენ ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევთ?
_ რა თქმა უნდა. ჩემს ცხოვრებისეულ პრინციპად ნოდარ დუმბაძის გამონათქვამი მიმაჩნია _ მთავარია, ადამიანს შუბლის ძარღვი არ ჰქონდეს გაწყვეტილი. სწორედ ასეთი ადამიანების მოყვანას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში. იგივე შემიძლია ვთქვა კახი კალაძეზეც _ იგი მსოფლიო დონის ფეხბურთელია და ყველა კარგად იცის, რომ უპრობლემოდ და უდარდელად შეეძლო ეცხოვრა იტალიაში. მაგრამ სწორედ საკუთარმა სინდისმა არ მისცა ნება, საკუთარი სამშობლო უბედურებაში მიეტოვებინა. როგორც კი ივანიშვილი გამოჩნდა და ქვეყნის გადარჩენისთვის საკუთარი გუნდის შექმნა დაიწყო, კახიმ დატოვა ევროპა და სამშობლოში დაბრუნდა. წყნარი და კარგი ცხოვრება გაცვალა თავდაუზოგავ, დამქანცველ ბრძოლაზე.
_ თქვენი მთავარი მოწინააღმდეგე, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გიორგი გოგუაძე გამოცდილი სახელმწიფო მოხელეა. მან კარგად იცის როგორ უნდა ელაპარაკოს აუდიტორიას, როგორ მოიგოს მისი გული. თვლით, რომ თქვენი შანსები, მასთან შედარებით, უფრო მაღალია?
_ თუ გია გოგუაძე პატიოსანი მეთოდებით იბრძოლებს, თუ თავს დაანებებს ხელების გადაგრეხვის, დაშინების, გადაბირების პოლიტიკის გატარებას, მაშინ ჩემი შანსები გაცილებით მაღალი იქნება. თანაბარუფლებიან ბრძოლაში, თანასწორ გარემოში მას ჩემთან შედარებით გამარჯვების უფრო ნაკლები შანსი აქვს. იცით რატომ? იმიტომ, რომ ხალხი ითხოვს ცვლილებებს. იმიტომ კი არა, რომ მე უფრო უკეთესი ადამიანი ვარ, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოება უფრო მტკიცედ და უშიშრად მოითხოვს ჩვენგან ცვლილებებს. ადამიანები დაიღალნენ შეუსრულებელი დაპირებებისგან, მოთმინებისგან, რომლისკენაც გამუდმებით მოუწოდებს მთავრობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვება ჩვენსკენ იქნება. გია გოგუაძესთან დაკავშირებით ერთი მომენტს მინდა გავუსვა ხაზი _ იგი გამუდმებით ხვდება მასწავლებლებს, ექიმებს, სხვა საჯარო სამსახურები თანამშრომლებს, ჩვენ კი ამის საშუალებას არ გვაძლევენ. გვეუბნებიან, რომ სკოლაში შესვლის უფლება არ გვაქვს, ჩვენს აქციებზე მოსვლას კი მათ სასტიკად უშლიან. დიდი სურვილი მაქვს შევხვდე მასწავლებლებს და ვესაუბრო მათ, გადავცე, რომ ტყუილია, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მათ გაყრას აპირებს სამსახურებიდან. ეს ტყუილი მხოლოდ მთავრობას სჭირდება, რომ ამით ზეწოლა მოახდინონ მათზე.
_ მთელი თქვენი ცხოვრება შეალიეთ სფეროს, რომელსაც არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკასთან. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დღეს სპორტიც პოლიტიზირებულია. საქართველოს პარლამენტის წევრობის შემთხვევაში რას გააკეთებთ, რომ მომავალში ასე აღარ იყოს?
_ თქვენ კარგად იცით, რა ხდება არა მარტო სპორტში, არამედ ნებისმიერ სფეროში. ეს ამჟამინდელი რეჟიმის მმართველობის სტილია _ არ გამოეპაროთ, კონტროლიდან არ გაუშვან არც ერთი სფერო, ყველგან ჰყავდეთ საკუთარი არაპროფესიონალი კადრები და ყველაფერი აქციონ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. ჩემი აზრით ეს იმის ბრალია, რომ დღეს სპორტს მართავენ არაპროფესიონალები და ხელისუფლების ყურმოჭრილი მონები.
_ თქვენი გუნდი როგორ აპირებს ამ რეალობის შეცვლას? საკმარისია, რომ მხოლოდ კეთილი ნება გამოიჩინოთ?
_ სრულიად საკმარისია. როცა ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებები დამკვიდრდება ქვეყანაში, ოღონდ არა სიტყვით, არამედ რეალურად, თავისთავად მოხდება სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნა. დღეს თუ ხარ რეჟიმის მიმართ ლოიალური, ეს საკმარისია წარმატებული კარიერისთვის. ამ შემთხვევაში ნიჭი და შრომისმოყვარეობა მეორე ადგილზე ინაცვლებს. ჩვენი გუნდის ლიდერმა კი კარგად იცის შრომისა და წარმატებების ფასი. ერთ მაგალითს მოგიყვანთ _ კარგად გვახსოვს, როგორ მოხდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის “არჩევა”. ახლა არ დავიწყებ იმაზე მსჯელობას, ივარგებდა თუ არა ნემსაძე, მაგრამ თვითონ ის ფაქტია ამაზრზენი, არჩევიდან 24 საათში სასწრაფოდ რომ იცვლება არასასურველი კანდიდატი.
_ მინდა გკითხოთ რეგიონული ფეხბურთის ფედერაციებზეც. თქვენი აზრით, აუცილებელია ასეთი საბიუჯეტო ორგანიზაციების არსებობა, რომელთა უმთავრესი ფუნქცია ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკური ნების გატარებაა პერიფერიებში?
_ მიმაჩნია, რომ მათი არსებობა რეგიონებში ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელია, მაგრამ სხვა საქმეა, როგორ მუშაობენ ისინი. მე არ ვარ ჩახედული მათ შიდა საქმიანობაში. რეგიონული ფედერაციები ძირითადად ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას უნდა უწყობდნენ ხელს. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. მოგვეცა შანსი არა მხოლოდ ფეხბურთი, არამედ მთელი საზოგადოებრივი ცხოვრება, მისი ყველა სფერო შევცვალოთ უკეთესობისკენ და ჩვენ ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებთ.
_ ბიძინა ივანიშვილი რაჭაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს მომავალმა პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლის ძალით ამა თუ იმ ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, უკმაყოფილების შემთხვევაში, ხალხმა თავად გამოიწვიოს პარლამენტიდან. რა უნდა გააკეთოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომ ეს საფრთხე არ დაემუქროს? რის გაკეთებას აპირებთ თქვენი მუნიციპალიტეტისთვის?
_ მე ამ კანონის შემოღებას აუცილებლობად მივიჩნევ. დეპუტატისთვის ხალხის ნება, საზოგადოებიდან წამოსული გზავნილები საყრდენად უნდა იქცეს პოლიტიკურ საქმიანობაში. ხშირად მისვამენ ამ კითხვას _ როცა დეპუტატი გახდებით, თქვენც სხვებივით დაიმალებით? მე არ მინდა განვსაჯო რომელიმე წინა დეპუტატი, მაგრამ ეტყობა, ამ კითხვას სწორედ მათი საქმიანობიდან გამომდინარე მისვამენ.
_ თქვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ თქვენ არ იქნებით ის დეპუტატი, რომელიც გამოცვლის ტელეფონის ნომერს და დაკეტავს კარს. ეს მხოლოდ მხატვრული გამოთქმაა თუ რეალურად აპირებთ ამ პრინციპით ხელმძღვანელობას?
_ რა თქმა უნდა, ვაპირებ განუწყვეტელი და, რაც შეიძლება, ხშირი კონტაქტი მქონდეს ჩემს ამომრჩეველთან. თუ მე ვერ შევძლებ ჩემი მოვალეობების კარგად შესრულებას, საზოგადოებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ჩემზე უკეთესს გამოუცხადოს ნდობა. მთავარი ერთი რამე იქნება _ ხალხთან ურთიერთობაში ვიქნებით გულწრფელები. ჩემი და ჩემი ამომრჩევლის ურთიერთობა მხოლოდ ნდობაზე და სიმართლეზე იქნება დამოკიდებული.
_ ხშირად მესმის, რომ რბილი, დამთმობი ადამიანი ხართ და თქვენზე ზემოქმედება ადვილად შეიძლება. თვლით თუ არა, რომ ამ თვისებების გამო გაგიჭირდებათ პოლიტიკაში ყოფნა?
_ ზოგადად მიმაჩნია, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანი უნდა იყოს დამთმობი. ხასიათის სირბილე კი სულაც არ ნიშნავს უპრინციპობას. არ ვიქნები დეპუტატი, რომელიც ყველა საკითხის გადასაწყვეტად ბრმად დააჭერს პულტს ხელს. შეიძლება საზოგადოების დასანახავად არ ვიკამათო, მაგრამ თუ ვერ დამარწმუნებენ ამა თუ იმ გადაწყვეტილების სისწორეში, არ ვაპირებ ვიქცე ბრმა იარაღად.
_ თქვენ სად უნდა მისცეთ ხმა?
_ თბილისში უნდა მივიღო არჩევნებში მონაწილეობა და არ მინდა ჩემი ხმა დაიკარგოს. ამიტომ დილით, როგორც კი გაიხსნება საარჩევნო უბანი, სასწრაფოდ უნდა გავაკეთო არჩევანი, რომ შემდეგ ლანჩხუთში ჩამოსვლა მოვასწრო. ვიცი, რომ ხელისუფლება ათასგვარ ხელის შემშლელ საშუალებას იგონებს, რომ როგორმე გააყალბოს შედეგები, მაგრამ ჩვენ ამის საწინააღმდეგო მეთოდებიც გვაქვს მოფიქრებული. ამაზე დღეს არ ვილაპარაკებ. არჩევნებამდე მხოლოდ ორი-სამი დღით ადრე გაგიმჟღავნებთ რას ვგეგმავთ, რომ მათ სწრაფი რეაგირება და ხელის შეშლა ვეღარ მოასწრონ.