(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ სოფელ ნიგოითში, დღისით-მზისით მგელი გამოჩნდა და პირუტყვი დაგლიჯა. დაზარალებულია 4 ოჯახი.
_ გამოჩნდა კი არა, ეს იყო თავდასხმა. პირველ თებერვალს, დღისით, პირველ საათზე ნიგოითელი გრიგოლ გოგუაძის ოჯახში შეიჭრა მგელი და ეზოში მობალახე ხბო დაკბინა. ძაღლების ყეფის და დიასახლისის ყვირილზე მგელი დაფრთხა და იქვე ახლოს მდებარე საძოვარს მიაშურა. იქვე რამდენიმე ხბო ბალახობდა და სამის დაკბენა მოასწრო. მათ შორის ერთი ჩემი აღმოჩნდა. 4 ოჯახი ვართ დაზარალებული. 4 დაკბენილი ხბოდან 3 დაიღუპა, _ ამბობს ნიგოითელი მურმან წილოსანი.
მისივე თქმით, მგლების ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა: _ სანამ თოფით შეიარაღება მოვახერხეთ, მგელმა თავს უშველა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სოფელში ნადირი გამოჩნდა. პირველად 2001 წელს ნახეს ქვიანში. მოსახლეობა ამის შემდეგ ცოტა დასვენებული იყო, მაგრამ ბოლო ხანებში მგლების აქტიური შემოსევაა.
_ როგორც კი თავდასხმა მოხდა, მაშინვე საქმის კურსში ჩავაყენე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და მგლის ლიკვიდაციის ნებართვა მოგვცეს. 12 კალიბრიანი თოფი ვისაც აქვს და ნადირობის ნებართვა გააჩნია, უფლება აქვს, მგელი მოკლას. საუბარი გვქონდა სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენელთანაც, რომელმაც რამდენიმე აუცილებელი წესი აგვიხსნა. ტყვია-წამლის პრობლემა არ იქნება. თუ ადრე მგლების თავდასხმა ტყეში ხდებოდა, ახლა უკვე მოსახლეობაში გამოჩნდნენ. ხალხი ძალიან შეშინებულია. ჩვენი ეზოების უკან ე.წ. ჩოჩობას ჭრიან და მგლის გამო ვეღარ მიდიან. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მგელი უშუალოდ ეზოში გამოჩნდა. განსაკუთრებით ღამით არის მოსახლეობა ცუდ დღეში _ მგლის შიშით ღამით გარეთ ვეღარ გამოვსულვართ, _ ამბობს სოფლის რწმუნებული.
ბოლო ინფორმაციით, სამშაბათსვე, სოფელ ნიგოითის ცენტრში, მთის ფერდობზე, სადაც სოფლის სასაფლაოა, მგლების ხროვა შენიშნეს. ადგილობრივი მკვიდრი ავთანდილ მახარაძე თავის საქონელს ეძებდა, როცა დაინახა, რომ 3 ძროხა მორბოდა, უკან კი 6 მგელი მოსდევდა. ავთანდილი შეუიარაღებელი იყო და მგლები დანახვაზე ყვირილი დაიწყო. საბედნიეროდ, ადამიანის ხმაზე მგლები დაფრთხნენ და უკან გაიქცნენ. რწმუნებულის თქმით, უკვე შეიკრიბა მოხალისეთა ჯგუფი და ტყეში გავიდნენ. ისინი თოფებით არიან შეიარაღებულნი და იმედი აქვთ, რომ ნადირის თავდასხმისგან სოფელს დაიცავენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved