(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 5 თებერვალს, ჩოხატაურის სახანძრო დაცვის სამსახური სოფელ იანეულში, “მოედანას” უბანში გამოიძახეს. სახანძრო მანქანა “სამხიდიანია” და წესით, ყველგან სწრაფად, შეუფერხებლად უნდა მიდიოდეს, მაგრამ რომ არა ასე თუ ისე გაკვალული გზა, რაზმი შემთხვევის ადგილზე მისვლას ვერ შეძლებდა.
ამ სამსახურის ეკიპირება ასე გამოიყურება: სახანძრო დაცვის სამსახურს ოცი წლის წინ შეძენილი სამი მანქანა ჰყავს. მათგან მხოლოდ ერთი დგას ავტოფარეხში, დანარჩენი ორი კი _ ღია ცის ქვეშ. თითოეულ ცვლას სამი ბრიგადა _ 7 თანამშრომელი ემსახურება. ცვლის უფროსს 350 ლარი აქვს ხელფასი; ბრიგადის დანარჩენ წევრებს _ 300-300 ლარი.
სამსახურის უფროსი მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს _ როგორც ჩანს, სახანძრო რაზმი სამაშველო სამსახურის დაქვემდებარებაში გადავა და დისლოკაციის ადგილსაც შეიცვლის; ყოფილ დოსააფ-ის შენობაში ავტოფარეხებიც არის იმ ტექნიკისთვის, რომელსაც მომავალ წელს მაინც შეიძენს მუნიციპალიტეტი _ წლევანდელ ბიუჯეტში საამისო თანხა “ვერ გამოინახა”, როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას უფრო მნიშვნელოვნად საკუთარი ხელფასების გაზრდა მიაჩნია.
სანამ სახანძრო სამსახურის სამუშაო პირობები უკეთესობისკენ შეიცვლება, მეხანძრეები მოსახლეობას აფრთხილებენ გადაამოწმონ საკვამური მილები, ელექტრო გაყვანილობისა და ღუმელების გამართულობა, რომ ხანძრები მოსახლეობამაც და მეხანძრეებმაც თავიდან აიცილონ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved