„გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას.
– საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა და იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ახალი ქალაქი ლაზიკა აშენდება. მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას ის პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში დაიწყება. პრეზიდენტი ლაზიკას მშენებლობის საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ის საქართველოს ზღვისპირეთში ყველაზე დიდი იქნება. ახალ პორტში შესაძლებელი იქნება მაღალტონაჟიანი გემების მიღებაც, რასაც, დღესდღეობით, საქართველოს ვერც ერთი პორტი ვერ ახერხებს. ქვეყნის პირველმა პირმა მათთან ერთად ლაზიკის პირველი ადმინისტრაციული შენობაც დაათვალიერა. 1500 კვადრატული მეტრის ფართობის შენობაში ახალი ქალაქისა და პორტის ადმინისტრაცია განთავსდება.
მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებთან ახალი ეკლესიის მშენებლობაზეც ისაუბრა და ყურადღება მის მნიშვნელობაზე გაამახვილა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, არქიტექტურული თვალსაზრისით, ახალი ტაძარი ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეული ისტორიული ტაძრის, ბანას ზუსტი ასლი იქნება.