„21 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ლაშა მესხია, დავით ფაცაცია, შოთა ბაზერაშვილი და კონსტანტინე ლაბარტყავა დააკავა. ოთხივე დაკავებულს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენეს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მათ სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით, დღეს, 22 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული პირები იზოლატორში არ შეუყვანიათ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ განასაჯაროოს ინფორმაცია ლაშა მესხიას, დავით ფაცაციას, შოთა ბაზერაშვილის და კონსტანტინე ლაბარტყავას ადგილსამყოფელის შესახებ, რათა დროულად გახდეს შესაძლებელი მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შემოწმება “ _ ნათქვამია განცხადებაში.