პატიმართა წამებისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცლების შემდეგ, დავით ჭაკუა თანამდებობიდან სასწრაფოდ გაათავისუფლეს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე გაგა მკურნალიძე, რომელიც ამჟამად დაკავებულია, იმ კადრებში ფიგურირებს, სადაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელს პატიმარი შუაში ჰყავთ მოქცეული და წიხლებით ურტყამენ. მკურნალიძე წარმოშობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთადანაა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის პოსტი 2009 წლიდან ეკავა.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, გაგა მკურნალიძის მშობლებმა, ამ ეტაპზე, ოზურგეთი დატოვეს. როგორც ამბობენ, მკურნალიძის დედამ ამ ამბის შემდეგ დიდი სტრესი მიიღო და ის ცუდად არის.
კადრების გავრცელებამდე, რამდენიმე დღით ადრე, მკურნალიძის ბებიის ორმოცი იყო, რომელიც ლამის მოვლენად იქცა მთელს გურიანთაში.
სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალჩინოსნები, ერთ-ერთ რესტორანში შეიკრიბნენ და ტრადიციულად, სუფრაზე მყოფი ყველა წევრისგან, პრეზიდენტის სადღეგრძელოს დალევა მოითხოვეს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე გურიანთელმა სუფრის გაპოლიტიკურება გააპროტესტა და იქაურობა დატოვა.
2 დღის წინ, დილით, მკურნალიძეებს, სახლის წინ ცოცხები დაუყარეს…
გაგა მკურნალიძის სახელს პატიმრების ცემასთან დაკავშირებული არაერთი გახმაურებული ფაქტი უკავშირდება. ოზურგეთში, მკურნალიძეების კლანზე ხშირად, მაგრამ შეფარულად და შიშით საუბრობდნენ.
“გურია ნიუსის” არქივში არაერთი მასალა მოიპოვება, რომელთა გამოქვეყნებას მკურნალიძეების მხრიდან სერიოზული აგრესია მოჰყვა.
ორი დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა ცდილობს, ციხის მაღალჩინოსნებს ბრალი შეუმსუბუქოს.
მიუხედავად იმისა, რომ რომ ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში ყველაზე აქტიური მოძალადე ციხის უფროს დავით ხუჭუას მოადგილე ეწ. “ვიქტორა” _ ვიქტორ ყაჭეიშვილია, პროკურატურამ მას წამების ბრალდება არ წაუყენა. წამებაში არ ედება ბრალი არც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გაგა მკურნალიძეს. სასამართლოსთვის წარდგენილი პროკურატურის შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ მაღალჩინოსნებს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 144.1-ე მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე.
რაც შეეხება წამებას _ სისხლის სამართლის კოდექსის 144.3 მუხლს, აქ დაწესებული სანქცია ბევრად მძიმეა და 12-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებით, წამების მუხლი ძირითადად ციხის იმ თანამშრომლებს წარედგინათ, რომლებიც ფარულ ვიდეო გადაღებასა და ჩანაწერის მესამე პირებისთვის გადაცემაში არიან ეჭვმიტანილები.
პროკურატურის შუამდგომლობით პატიმართა წამებაში ბრალი ედებათ: ბორის ფარულავას, ლევან ფურცხვანიძესა და ლევან ფხალაძეს, ოლეგ ფაცაციას და გურამ ცომაიას, კობა ჩიკვატიას,ხოლო გაგა მკურნალიძეს, დავით ხუჭუას, მანუჩარ ლომთაძეს, გიორგი კვარაცხელიას და ვიქტორ ყაჭეიშვილს, ბრალად ედებათ პირის დამცირებასა და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში.
სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.