ამ ფაქტიდან ერთ-ერთი 62/06 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საარჩევნო უბანზე მომხდარი დარღვევა იყო. მაშინ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც, საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის მოთხოვნით უბანზე შეტანილი 66 განცხადება ხელმოუწერელი და ერთი და იგივე ტექსტით იყო შედგენილი, ხოლო თავად ხელწერები ემთხვეოდა ამავე საარჩევნო უბნის მდივნის, ლენა ჯიბუტის ხელწერას. ამავე დროს, უბნის სარეგისტრაციო ჟურნალში სატელეფონო ზარებიც არ იყო დაფიქსირებული. აღნიშნულზე საჩივარი ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში 2010 წლის 29 მაისს შევიტანეთ. იმავე დღეს, უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, საოლქომ მიიღო გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი გოგოლესუბნის საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი სიის დანართი და კომისიის მდივანის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა _ შენიშვნა. მოგვიანებით კი ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ჯიბუტი საარჩევნო საქმიანობაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა. თუმცა, როგორც ჩანს ეს მხოლოდ დროებით _ ლენა ჯიბუტი ამჯერად შუაამაღლების საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია პაატა დავითაიას პარტიიდან. ჩვენი დანახვისთანავე ქალბატონმა სცადა დამალულიყო, თუმცა, ვერ მოასწრო. ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თემურ კუტუბიძე აღნიშნავს, რომ ჯიბუტს, კანონით, საარჩევნო საქმიანობაში მონაწილეობას ვერ აუკრძალავს: სასამართლო არ შემდგარა და განაჩენი არ გამოტანილა, საარჩევნო საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. ჯიბუტი პარტიის მიერ დანიშნული წევრია და ვერ ჩავერევი, მაგრამ მე პირადად არ დავნიშნავდი, _ ამბობს კუტუბიძე და დასძენს, რომ ქალბატონს, რომელიც 2 წლის წინ გაყალბება დავუმტკიცეთ, წელს იგივე ვერ და არ გააკეთებს.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved

































































