ამასთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო სხდომას, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები გიორგი ხუროშვილი და ივანე ტყემალაძე ესწრებოდნენ. სხდომას არ ესწრებოდა თავად თამარ მალაზონია.
მოსამართლემ ლევან ნუცუბიძემ მალაზონია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის 45 მუხლით, საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად დააჯარიმა, რომელიც მალაზონიამ, 30 დღის ვადაში უნდა გაიხადოს.
_ ჩემი საჯარო და წერილობითი განცხადების შემდეგ, რომელიც მე გავაკეთე “კოლიცია ქართული ოცნების” შტაბში, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში ჩემს სახელზე იქნა საჩივარი შეტანილი, რადგან როგორც საჯარო მოხელემ სხვა პოლიტიკური აგიტაცია გავწიე, _ აცხადებს “გურია ნიუსთან” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის რწმუნებულის ყოფილ თანაშემწე, თამარ მალაზონია.
თამარ მალაზონია ამბობს, რომ მას ეს ჯარიმა მას შემდეგ დაეკისრა, რაც კოალიცია “ქართულ ოცნებას” მხარდაჭერა გამოუცხადა.
მას შემდეგ, რაც მან ტელევიზიით პატიმართა წამების ფაქტები ნახა, 21 სექტემბერს, პროტესტის ნიშნად, სამსახური დატოვა და ოზურგეთის “ქართული ოცნების” ოფისში პრესკონფერენცია გამართა.
_ რაც ტელევიზიით ვნახე, იყო ამაზრზენი და აღმაშფოთებელი, მე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი ადამიანური და მორალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, უარი ვთქვა ჩემს სამსახურზე. წამოვედი იქედან და ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადე “ქართულ ოცნებას”.
მან განმარტა, რომ მასზე ზეწოლა არ გახორციელებულა: _ მე მმართველი პარტიის მხარდამჭერი ვიყავი, რაც ეს პარტია შეიქმნა. არავისთან არაფერი შემითანხმებია, ისე წამოვედი, ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.
ქალბატონი თამარის ძმა ზურა მალაზონია, თავის სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით იმყოფება. ის წლების წინ, გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი იყო, თუმცა, როგორც მისი და, თამარ მალაზონია აცხადებს, სამსახური იმის გამო დატოვა, რომ “ისეთ რაღაცეებს ავალებდნენ, რის გაკეთებაც არ შეეძლო”.
თამარ მალაზონია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მთავარ სპეციალისტად 4 წელი მუშაობდა.