სურმავამ კოალიციის ლიდერების საუბრის აუდიო ჩანაწერები იუთუბზე საკუთარ მიმართვასთან ერთად გაავრცელა. ერთ-ერთ ჩანაწერში, “ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ეკა ბესელია კოალიციის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილის „იდიოტს“ და „ხისთავიანს“ უწოდებს. (იხილეთ ვიდეო)
_ „მაგარია, ებრაელის ტვინი აქვს სუფთა. ეს იყო პირველი ადამიანი, რომელსაც ბიძინა შეხვდა, რვაში ღამე და მეორე _ მე. ეს იყო ქრონოლოგია. პირველი იყო ხუხაშვილი. მე, ცისკარიშვილი, სესიაშვილი და ხუხაშვილი ვაპირებდით ახალი დასის გაკეთებას, ვიდრე ბიძინა განცხადებას გააკეთებდა და კიდევ 2 მძიმე წონის ადამიანს ველაპარაკებოდით. გააკეთა უცბად განცხადება და მერე მე მითხრა, არ გააკეთო ცალკე, ჩემთან ერთად გააკეთეო. მე მოვიყვანე სესიაშვილი, მერე იდიოტი ზაქრო ქუცნაშვილი, სუფთა იდიოტი. რას მოიგებს ეს ხისთავიანი, ნაძირალა ბიჭია, ვერ იტანს ბიძინა მაგას. ეშმაკიაო, ასე ამბობს“, _ ამბობს ჩანაწერებში ბესელია.
მორიგი ჩანაწერის მიხედვით, გუბაზ სანიკიძე ბერა და ბიძინა ივანიშვილებზე საუბრობს. სანიკიძე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის შვილების ალბინოსობა სისხლის აღრევით არის გამოწვეული. (იხილეთ ვიდეო)
_ “შარტავა იძახის ეგ არის სისხლის აღრევის შედეგიო, ზოოპარკში გინახავს თეთრი ვეფხვები და ლომები რომ იბადებიან? სულ ალბინოსები იბადებიან, იმიტომ რომ და-ძმას შორის არის”, _ ისმის ჩანაწერში.
კიდევ ერთ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ღარიბაშვილი თინა ხიდაშელის შესახებ საუბრობს და მას უცენზურო სიტყვებით იხსენიებს. ღარიბაშვილი ხიდაშელს ინტრიგანს უწოდებს და ამბობს, რომ „მაგის აქ მოთრევა, შეცდომა იყო“. (იხილეთ ვიდეო)
გავრცელებულ ჩანაწერებს შორისაა ირაკლი ალასანიას საუბარიც, რომლის წარწერის თანახმად, ალასანია ივანიშვილს შეურაცხყოფას აყენებს, თუმცა ჩანაწერში არ ისმის კონკრეტულად ვისზე საუბრობს ალასანია. (იხილეთ ვიდეო)
“ქართულ ოცნებაში” ამ ჩანაწერებს უკვე უწოდეს ფაბრიკაცია და აღნიშნეს, რომ ეს ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია. კოალიციაში 2007 წლის მოვლენებსაც იხსენებენ, როდესაც ხელისუფლებამ ოპოზიციის წინააღმდეგ სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა და უფრო მეტიც, მათ რუსეთთან კავშირში დადეს ბრალი.
_ თუმცა, როგორც ჩანს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის თემა აქტუალური არ არის. თუ გახსოვთ, არც ადრინდელ ჩანაწერებს ჰქონია დიდი გამოხმაურება. უფრო მეტიც, ერთ დროს რუსეთის აგენტად მოხსენიებული კონსტანტინე გამსახურდია, მოგვიანებით, ელჩად გაუშვეს. სასაცილოა ეს ყველაფერი. კარგად დააკვირდით ხმებს და ადვილად გამოიტანთ დასკვნას, რომ ეს აგონიაში მყოფი ხელისუფლების არაპროფესიონალური ნამუშევარია. თანაც სად გინახავთ, რომ სატელეფონო საუბრებს იწერდე და მხოლოდ ერთი მხარის ხმა ისმოდეს, _ გვითხრეს კოალიციაში.