ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ.
ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლაში, ჩვენი მისვლისას, გაკვეთილები ჯერ კიდევ არ იყო დამთავრებული. რამდენიმე კლასში მეცადინეობა ტარდებოდა.
მასწავლებელთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობა იყო შეკრებილი სამასწავლებლოში. მათმა ნაწილმა უარყო ინფორმაცია, თბილისში გამგზავრების შესახებ. თუმცა, ეჭვს იწვევდა ის ფაქტი, რომ გაკვეთილების მსვლელობისას ამდენი მასწავლებელი უქმად იჯდა. ეს იმით ახსნეს, რომ პირველი სკოლა დიდი სკოლაა და ბევრი პედაგოგი მუშაობს.
სკოლის დირექტორმა თამაზ კილაძემ არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და ამას სისულელე უწოდა: “ამ წუთებში სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, ყველა მასწავლებელი ადგილზეა, ნახეთ, ალბათ თქვენ თვითონ. 2 საათამდე გაკვეთილები გაგრძელდება. შემდეგ ვინ სად წავა, ამაზე ვერაფერს გეტყვით. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს”, _ განმარტა დირექტორმა.
ჩვენ დავუკავშირდით ლანჩხუთის სამრევლო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს ლევან გიორგაძეს. მისი თქმით, არც სასულიერო სასწავლებლიდან იგეგმება მასწავლებლების თბილისში წაყვანა: “შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ, რომ გაკვეთილები ჩვეული რეჟიმით მიმდინარეობს და არც საათები შეგვიმცირებია. არანაირი დირექტივა არ მიგვიღია შეკრებაზე წასვლასთან დაკავშირებით”, _ თქვა “გურია ნიუსთან” გიორგაძემ.
ჩვენი წყაროს ცნობით, სასულიერო გიმნაზიაში სრულიად უფუნქციო თანამდებობას იკავებს “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატის გიორგი გოგუაძის მეუღლე მარინა მშვიდობაძე, რომელიც გიმნაზიის რამდენიმე მასწავლებლის თქმით, გამუდმებით ცდილობს სკოლაში საკუთარი პარტიის “თვალი და ყური” იყოს.