(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გურიაში კვლავ უამინდობაა. როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, ცუდი ამინდები დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გასტანს.
ყველაზე დიდი პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდების საკითხში შეიქმნა _ მთელ რიგ სოფლებს შუქი მიწოდება შეუწყდათ ან პერიოდულად ეთიშებათ. ენერგოკომპანიის თანამშრომლები არსებული ხარვეზებისა და პრობლემების აღმოფხვრას დიდთოვლობისა და უამინდობის გამო დროულად ვერ ახერხებენ. მოსახლეობა “ენერგო პრო ჯორჯიას” მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამს, კომპანიაში კი ამბობენ, რომ გაწყვეტილი სადენებისა და წაქცეული ბოძების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
_ ძალიან ბევრი ელექტროსადენია გაწყვეტილი. ანძაც იყო წაქცეული, დღესაც ველაპარაკე “ენერგო პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს ხელმძღვანელობას. არამარტო ჩვენთან იყო და რჩება შეფერხებები, არამედ ანალოგიური მდგომარეობაა აჭარასა და იმერეთშიც. საკმაოდ ბევრ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, _ გვითხრა გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა.
მისივე თქმით, სანამ სადენები და ბოძები არ შეიცვლება, ეს პრობლემა მუდამ იარსებებს: _ მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობას ეს სულ არ აინტერესებს _ ის იხდის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს და შესაბამის მომსახურებას ითხოვს. მათ 24-საათიანი ელექტროენერგიის მიწოდება სჭირდებათ. ამ კუთხით მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეები ზამთარში შუქის გარეშე არ დარჩნენ, _ თქვა ჩიტაიშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved