საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა.
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 9 მედლის მოპოვება შეძლეს _ 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს და მედლების რაოდენობით საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს, გუნდურ შეჯიბრში კი საქართველოს გოგონათა და ვაჟთა გაერთიანებული ნაკრები ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა შვიდიდან ხუთ წონით კატეგორიაში იასპარეზეს და ხუთივე წონაში ოქროს მედლები მოიპოვეს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.
გოგონათა და ვაჟთა ნაკრების წევრები ფინეთიდან საქართველოში 17 სექტემბერს გამთენიას ჩამოფრინდნენ. წარმატებულ ახალგაზრდა ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებთან, გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი -ირაკლი დოლაბერიძე, პარლამენტის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი და მიხეილ ყაველაშვილი დახვდნენ.
ფინეთში ევროპის ჩემპიონები – გიორგი თუთაშვილი (-66 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ), ლაშა ბექაური (-90 კგ), ილია სულამანიძე (-100 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ) გახდნენ. კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მოიპოვა, ვერცხლის მედალი 81 კგ-ში ვლადიმერ ახალკაცმა დაისაკუთრა. ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები მარიამ ჭანტურია (-70 კგ) და მიხეილ ბექაური (-90 კგ) არიან. აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველა ჩემპიონი, ძიუდოს ფედერაციის პროგრამის „ოლიმპიური გამოწვევა – ტოკიო 2020“-ის მონაწილეა, რომლის ხელმძღვანელი დავით ქევხიშვილი, ხოლო მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანია, მწვრთნელ გიგა ბოჭოიძესთან ერთად.