(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთელმა მობურთალმა, გიგა კვერენჩხილაძემ ამ სეზონში უკვე მეორე უმაღლესლიგელის შემადგენლობაში შეძლო გოლის გატანა. თუ სეზონის პირველ ნაწილში გიგა “სამტრედიის” ღირსებას იცავდა, ახლა გოლი სწორედ იმერელთა კარში გაიტანა. კვერენჩხილაძემ ეს ფოთის “კოლხეთის” მაისურით გააკეთა. “გურიის” ექს-ფორვარდი სამტრედიიდან უფინანსობის გამო წამოვიდა, რამდენიმე დღე მშობლიურ კლუბში ივარჯიშა და მალევე ფოთის “კოლხეთმა” გადაიბირა. როგორც ჩანს, საკმაოდ წარმატებულადაც _ ფოთელებს გიგამ უშუალო კონკურენტთან უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა. _ ნებისმიერი მეტოქე უნდა დააფასო, რაც უნდა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდეს. ასეთ გუნდებთან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს და შეიძლება სიურპრიზიც შემოგთავაზოს. დღესაც კინაღამ ასე მოხდა. საბედნიეროდ, შესვენებაზე განხორციელებური ტაქტიკური ცვლილებით მოვახერხეთ, რომ არ დავსჯილიყავით. კვერენჩხილაძის გოლი საუკეთესო იყო, _ თქვა ნამატჩევს კოლხთა თავკაცმა, ბესიკ შეროზიამ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved