ადმინისტრაციული კომიტეტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ილონა თოდუა დაინიშნა. 35 წლის თოდუა სოხუმიდან დევნილია.
2012 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ილონა თოდუას მხოლოდ მოსამართლეობიდან წლის განმავლობაში მიღებული მიღებული აქვს 49 579 ლარი, ანუ ყოველთვიურად 4 ათას ლარზე მეტი. ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა ისიც, რომ თოდუა დღემდე იღებს დევნილებისთვის გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას. სოციალურ დახმარებას იღებენ მისი მშობლებიც.
დარეგისტრირებული დევნილებს პლასტიკურ ბარათებზე ყოველთვიური შემწეობა 28 ლარი ერიცხებათ. გარდა ამისა, სამინისტრო მათ უხდის ელექტროენერგიის დანახარჯს 100 კვ ოდენობით სულზე და კომუნალურ გადასახადებს.
იუსტიციის საბჭოს წევრად დანიშვნის შემდეგ, ილონა თოდუას წლიური შემოსავალი ყოველწლიურად დაახლოებით 28 ათასი ლარით გაიზრდება. გარდა ამისა, თოდუა ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც და შესაბამისად, შემოსავალსაც იღებს ამ საქმიანობიდან. ახალგაზრდა მოსამართლეს ონაშვილის ქუჩაზე 50 კვ.მ ბინა აქვს. სხვა უძრავ-მოძრავი ქონება მის სახელზე არ ფიქსირდება. მოსამართლე ილონა თოდუა საზოგადოებას “ქართულ ოცნებაში” შემავალი პოლიტიკურ პარტიების 2 383 097 ლარით დააჯარიმებით დაამახსოვრდა.































































