თინა მასწავლებელი უკვე წლებია, პედაგოგიურ საქმიანობას აღარ ეწევა, მაგრამ სათნო ქალბატონი, რომელმაც ბავშვებს “აი ია’’ შეასწავლა, ყველას ახსოვს. სტუმრებმა თინა მასწავლებელს მოკრძალებული შემოქმედებითი წუთები აჩუქეს, წაიკითხეს ლექსები და ჩანახატები, შეასრულეს სიმღერები. ვალში არც თინა მასწავლებელი დარჩა და სტუმრებს გულიანად უმასპინძლა. დედასავით მზრუნველი, თბილი, ალერსიანი, მოსიყვარულე, თავაზიანი, კეთილი, სამართლიანი, თავის საქმესა და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული _ ასე იხსენებენ დღეს თინა მასწავლებელს. მან ჩოხატაურის ნიკო მარის სახელობის საჯარო სკოლაში მრავალი თაობა აღზარდა, რითაც ძალიან ამაყობს. თინა მასწავლებელს სკოლა და მოსწავლეები ახლაც ძალიან ენატრება, თუმცა თვლის, რომ თავისი მისია პირნათლად შეასრულა და ამით ძალიან ბედნიერია.