როგორც წყარო აცხადებს, თათბირზე ერთგულებაზე იყო საუბარი, რომ ისინი ერთი გუნდი არიან და არსად გადასვლას არ აპირებენ. ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს და ახალი სლოგანიც მოიფიქრეს: “გვერდით მდგომის მოღალატეს დამმარხველი არრა ჰყავდეს!“
ეს ამბავი 19 ოქტომბერს მოხდა…
ამავე დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, საკრებულოს იურისტის ლაშა თავაძის ოჯახში დიდი შეკრება იყო. საკრებულოს უმრავლესობა “ქეიფობდა”. ხელფასების მომატების აღსანიშნავი ქეიფი გამგეობის თანამშრომლებმაც მოაწყვეს რესტორან “ტონუსში”.
ეს ამბავი 14 ოქტომბერს, მცხეთობას მოხდა…
როგორც “გურია ნიუსი” წერდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახალი ბრძანებულებით, საკრებულოს თავმჯდომარეებს, მუნიციპალიტეტის გამგებლებს, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებს და არა მარტო მათ, ხელფასები გაეზარდათ.
აღსანიშნავია, რომ თათბირზე საკრებულოს არცერთი ოპოზიციონერი წევრი არ დაუპატიჟებიათ.
ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მაჟორიტარებს. რამდენიმე მათგანმა “გურია ნიუსთან” დაადასტურა, რომ თათბირზეც იყვნენ და სუფრაზეც, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს, რამდენიმემ მკვახედ გვიპასუხა: _”რაა ეს დაკითხვები, სად ვიმყოფებით, რა ხდება? “ვქეიფობთ,” რა პრობლემაა, _ გვპასუხობდნენ ისინი.
ოზურგთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურისტმა ლაშა თავაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ჩვენს ზარებს არც საკრებულოს წევრმა პეტრე სალუქვაძემ უპასუხა.
დაბა ნარუჯის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვალოდია ბერიძემ “გურია ნიუსს” კითხვაზე, _ რატომ იყო თათბირი საიდუმლო და რას აღნიშნავდნენ სოფელ ჭანიეთში, _ არ ვიციო, უპასუხა.
_ ბატონო ვალოდი, თათბირს ესწრებოდით?
_ კი ბატონო.
_ რასთან დაკავშირებით იყო თათბირი?
_ არ ვიცი.
_ სუფრაზე ბრძანდებით ?
_ კი.
_ რას აღნიშნავთ?
_ არ ვიცი.
ყველაზე მეტად ჩვენი დარეკვით სოფელ ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატი ავთო სურგულაძე გაღიზიანდა, რომელიც მისივე თქმით, ამ დიდ “ქეიფზე” თამადა იყო.
_ მე თქვენი კითხვა უხერხულად მიმაჩნია. . .
_ ბატონო ავთო, უბრალოდ გეკითხებით რას აღნიშნავთ, როგორც ვიცით, ძალიან დიდი სუფრა გაქვთ.
_ ხვალ გაგცემთ პასუხს, ახლა თამადა ვარ ჩემს მეგობრებთან, რას მეკითხებით, ვერ გავიგე, _ გვითხრა სურგულაძემ.