ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებისა და დაბა ურეკის გზასაყარზე ვინც არის ნამყოფი, ყველას კარგად ემახსოვრება ადამიანები, რომლებიც სეზონის შესაბამისად, ხან ციტრუსს ჰყიდიან, ხან კიტრს, პომიდორს, მაყვალს… ასე იყო შევარდნაძის ხელისუფლების დროს, არც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ შეცვლილა რამე _ შრომისა და ნატანების მცხოვრებლები გამვლელ-გამომვლელთ სხვადასხვა ხილს სთავაზობენ.
სოფელ შრომაში მცხოვრები ნაზი კ-ია, ამ ადგილზე ყოველდღე მოდის:
_ რაც ციტრუსი მოვკრიფე, იმის მერე აქ ვარ, პურის ფული შემაქვს ოჯახში.
_ როგორ ყიდით?
_ გააჩნია, რომელს. ერთი კილოგრამი მანდარინის ფასი 50 თეთრიდან იწყება, ფორთოხალი და სხვა ციტრუსის ფასი 80 თეთრია.
_ წელს რა პრობლემები იყო ციტრუსთან დაკავშირებით?
_ მოსავალი იყო ნაკლები, ხარისხიც დაბალია. უამრავი პრობლემა გვაქვს, შვილო!
_ ხელისუფლება დაგეხმარათ?
_ რაში უნდა დაგვხმარებოდა?
_ ციტრუსის მიმღები პუნქტები თუ იყო გახსნილი?
_ არ ვიცი.
ნატანებში მცხოვრები ანზორ უ-ძე, უკვე ექვსი წელია, ციტრუსს ქუჩაში ყიდის:
_ ექვსი წელია, ასე ვარჩენ ოჯახს. სახლიდანაც ვყიდი და რაც დამრჩება, მერე გამომაქვს ქუჩაში. რა ვქნა, სხვა რა გზა მაქვს!
_ კმაყოფილი ხართ წელს ციტრუსის რეალიზაციით?
_ შედარებით კარგი ფასი _ 60 თეთრი გადამიხადეს.
_ კონკრეტულად ვინ იყიდა?
_ აზერბაიჯანელები იყვნენ, თბილისიდანაც ჩამოვიდნენ.
_ როგორც ვიცი, წელს ციტრუსი გაფუჭდა.
_ ვერ შევწამლე და გაშავდა მანდარინი. რაც გადარჩა, ის გავყიდე.
ნატანებელი ია ბ-ძე ამბობს, რომ პრობლემები თავსაყრელადაა:
_ რომელზე გესაუბროთ?
_ მაგალითად, ციტრუსის რეალიზაციაზე.
_ ამ კუთხით არაფერი გვაქვს საპრობლემო, ბევრი გვაქვს ციტრუსი. რაც სახლში ვერ გავყიდეთ, აქ ვყიდით.
_ წელს არ ჩაგიბარებიათ?
_ როგორც დანარჩენებმა, მეც ისე გავყიდე.
უშანგი ბ-ია: _ უკვე ათ წელზე მეტია, რაც ვყიდი ციტრუსს. ხან ბევრი მყიდველია, ხან _ არა.
_ ხელისუფლება თუ გეხმარებათ?
_ ვინ უნდა დაგვხმარებოდა, გლეხკაცის დამხმარე ვინ არის?
ცუდ ამინდში ციტრუსით მოვაჭრეები სიცივისგან რომ არ გაიყინონ, ქუჩაში ცეცხლს ანთებენ. იქვე ახლოს ურნაც დგას, რომელშიც გაუსაღებელ ციტრუსს ჰყრიან, ხელისუფლებას კი წლეულს ციტრუსის მიმღები პუნქტების და ქარხნების შესახებ ფუჭი ლაპარაკიც კი დაეზარა!