ნინო ჯიბუტი, თაკო ხუნდაძე, ნათია მეგრელიშვილი, ირინა ნიკოლაიშვილი, მარიამ თავართქილაძე, ლიკა ასიეშვილი, მარიამ გვენეტაძე, ლალი ჟღენტი, გიორგი ჩიგოგიძე, გიგა მიქაბერიძე და ხატია ბარამიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ის მოსწავლეები არიან, რომლებიც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა სათანამშრომლოდ აირჩია. ჩოხატაურელმა მოსწავლეებმა ბაზალეთის ტბაზე, სასტუმრო კომპლექს “ბაზალეთში”, ფონდის მიერ ორგანიზებულ სამდღიან ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.
ჩვენი გაზეთის სტუმარი სემინარების ერთ-ერთი მონაწილე, პირველი საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე თაკო ხუნდაძეა.
_ თაკო, რა კრიტერიუმით შეირჩა მოსწავლეები და რომელ პროგრამას ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი?
_ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ახორციელებს პროგრამას “ახალგაზრდული იდეა”, რომელშიც 16-დან 21-წლამდე ახლგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა. რაც შეეხება მოსწავლეთა შერჩევას, წინასწარ ჩატარდა შიდა კონკურსი და 11-მა მოსწავლემ მოვიპოვეთ უფლება ჩავრთულიყავით პროგრამაში.
_ რა მიზანს ისახავს ეს პროგრამა?
_ პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი ახალგაზრდების უნარ-ჩვევების ამაღლებას, მცირე გრანტების მართვას და შესაძლებლობას აძლევს მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ თავიანთი თემების განვითარებაში.
_ საქართველოს რამდენ რეგიონში ხორციელდება ეს პროგრამა?
_ პროგრამა ხორციელდება საქართველოს 12 რეგიონში და საკმაოდ წარმატებულადაც. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და ბიზნესმენები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტში “ახალგაზრდული იდეა”.
_ მაგალითისთვის, ხომ არა დაასახელებდით რამდენიმე მათგანს?
_ მაგალითად, ბათუმის მერიამ ნაწილობრივ დააფინანსა ზოგიერთი მცირე პროექტი, კომპანია “ელიტ-ელექტრონიქსმა” ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში საფეხბურთო გუნდისთვის ფორმები შეიძინა. ევრაზიის ფონდის მიერ კი გადაღებული იქნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი ახალგაზრდული იდეის შესახებ.
_ თაკო, ტრენინგი, ალბათ, იმითაც იყო საინტერესო, რომ ახალი მეგობრები შეიძინეთ.
_ დიახ, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სულ 100 მოსწავლე იყო. ძალიან კარგი ახალგაზრდები იყვნენ გორიდან, ბათუმიდან, დედოფლისწყაროდან, სამომავლოდ ბევრი ერთობლივი ღონისძიებაც დავგეგმეთ. მე და ჩემს მეგობრებს იმედი გვაქვს, ტრენინგზე მიღებული ცოდნით მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ.
ახალგაზრდული გაზეთი იტოვებს იმედს, რომ “ახალგაზრდულ იდეას” ჩოხატაურის ხელისუფლებაც გაიზიარებს და მომავალი თაობის ინტერესებს გაითვალისწინებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved