ამ წუთებში, არჩილ კახაძის სახლთან ასობით ადამიანია შეკრებილი და ისინი, ასევე, მეჩეთის მშენებლობასაც აპროტესტებენ. არჩილ კახაძე აჭარიდან გურიაში ჩამოვიდა საცხოვრებლად და მის ოჯახში მუსლიმანი მლოცველები ყოველი კვირის, პარასკევს იკრიბებიან. ნიგვზიანელი მართლმადიდებლები ჩვენთან საუბრის დროს ამბობენ, რომ ისინი მეჩეთის მშენებლობას არ დაუშვებენ. არჩილ კახაძე, ამბობს, რომ მის სახლში შეკრებილი მლოცველები არავის უშლიან ხელს და თავიანთი აღმსარებლობის შესაბამისად ლოცულობენ. ნიგვზიანის მოსახლეობის თქმით, კახაძის ოჯახს “თურქი ბიზნესმენი აფინანსებს და თუ ადრე მუსლიმანი მლოცველები ქობულეთში დადიოდნენ, ახლა მათ შესაძლებლობა ეძლევათ, რომ აქვე ჰქონდეთ სამლოცველო“. არჩილ კახაძის თქმით, მას არავინ არ აფინანსებს და ყოველ პარასკევს, მლოცველები შესაწირის სახით, რამდენიმე ლარს აგდებენ ყულაბაში. რამდენიმე წუთის წინ, მართლმადიდებლების აქციას, ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ. დღის, პირველი საათისთვის კი სახალხო დამცველის აპარატის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს ელოდებიან. მანამდე კი, კახაძის სახლში რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები შევიდა და კიდევ ერთხელ განუცხადეს, რომ “არ მისცემენ იმის უფლებას, რომ სოფელში მეჩეთის მშენებლობა დაიწყოს“. კახაძის სახლთან გამოჩდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლის სახელზე სოფლის მცხოვრებლებმა კოლექტიური წერილი შეიტანეს, სადაც ითხოვდნენ, რომ მათი უფლებები დაიცვან. ამ წუთებში, სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში მოლაპარაკების პროცესი დაიწყო, რომელსაც მუნიციპალიტეტის პირველი პირები, სამღვდელოების და მუსულმანი სასულიერო პირები ესწრებიან.