“როცა ეკლესიის ეზოში ივანიშვილი გამოჩნდა, მთელი ჩემი მაყრიონი მას შემოეხვია და, ფაქტობრივად, ტაძარში მარტო დავრჩით, _ ღიმილით ჰყვება პატარძალი, _ ბატონი ბიძინა და მისი მეუღლე მოგვიახლოვდნენ, მოგვილოცეს, ბედნიერება და შვილთა სიმრავლე გვისურვეს. ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ქორწილში დავპატიჟეთ, თუმცა, ვიცოდით, რომ მოსვლას ვერ შეძლებდნენ”.
ამის შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ჰოლივუდური ფილმების სცენარში _ ქორწილის მეორე დღეს, ახალდაქორწინებულებთან ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი, ემზარ ივანიშვილი მივიდა, მისალოცი ბარათი და კონვერტები გადასცა.
ბარათი ქალის ხელითაა დაწერილი და როგორც თეა ჩხაიძე ამბობს, ეს ნაწერი ივანიშვილის მეუღლეს, ეკა ხვედელიძეს ეკუთვნის. კონვერტებში კი საქორწინო საჩუქარი _ 10 ათასი დოლარი აღმოჩნდა: “ამ ყველაფერმა ისე დაგვაბნია, რომ კარგა ხანს, გონს ვერ მოვდიოდით. ვერ წარმოგვედგინა, რომ ასეთ ცნობილ და დაკავებულ ადამიანს მეორე დღეს, ერთი რიგითი წყვილი გაახსენდებოდა. ჩვენ ისიც ძალიან გაგვიხარდა, რომ ბედნიერი დამთხვევით, ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ჩვენს ჯვრისწერას დაესწრო, მაგრამ ის ფაქტი, რომ მან მოგვძებნა და საჩუქარი გამოგვიგზავნა, საერთოდ გამაოგნებელი აღმოჩნდა”, _ ამბობს ახალგაზრდა წყვილი.