“ლევან ვარშალომიძემ დაიბარა გამგებლები და უთხრა, რომ თუ განცხადებას არ გააკეთებთ, თქვენს წინააღმდეგ კომპრომატებს ჯერ მედიას მივაწვდი, მერე კი შესაბამის უწყებებსო,” _ ამბობს ბაციკაძე.
კოალიციის წევრები თვლიან, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის და მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მიზანმიმართული ქმედებაა.
ბაციკაძის ბრალდებას ნაციონალური მოძრაობის წევრი და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე პასუხობს. კირთაძის განცხადებით, ლევან ვარშალომიძე რეგიონში არ იმყოფება და შესაბამისად, გამგებლებთან შეხვედრას ვერ გამართავდა: “როგორც ჩანს, ბაციკაძეს ინფორმაციის წყარო არ უვარგა, რადგან ვარშალომიძე რამდენიმე დღეა, თბილისშია და გამგებლებთან შეხვედრას ვერ გამართავდა,” _ ამბობს კირთაძე.
აჭარის ოთხი რაიონის გამგებლებმა განცხადება გუშინ საღამოს გააკეთეს და განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარესთან დილით გამართულ შეხვედრაზე ხაბაძემ ზეწოლა განახორციელა. გამგებლების განცხადებით, რეგიონის მეთაურმა მათ თანამდებობის დატოვება მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დასჯით დაემუქრა.