თუმცა, სასამართლო დღემდე ჭიანურდება იმის გამო, რომ სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმის ექსპერტიზა ჯერ არ მიუღიათ. “გურია ნიუსი” წერდა, რომ სამეურვეო საბჭომ მაშინ არ გაათავისუფლა ნათელა თოხაძე, საქმეში კი ერთი სხდომის ორი ოქმი აღმოჩნდა.
მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ღიად განაცხადა, რომ ჯერ მომრიგებელმა ჯგუფებმა უნდა შეძლონ, პოლიტიკური ორიენტაციის გამო, სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების სამსახურში აღდგენა. თუ ეს არ მოხდება, შემდეგ ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს.
მელექედურის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ნათელა თოხაძე, რომელიც ახლა ამავე სკოლაში გეოგრაფიას ასწავლის, აცხადებს, რომ მან უკვე მიმართა ახლანდელ დირექტორს ნონა ვაშაყმაძეს.
_ მე მას განვუცხადე ჩემი სურვილი, თანამდებობაზე დაბრუნების შესახებ და მითხრა, რომ წინააღმდეგი არ არის, _ თქვა ყოფილმა დირექტორმა “გურია ნიუსთან.”
_ როგორც გადმომცეს, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირინა ინარიძემ განაცხადა, მელექედურის სკოლაში სამეურვეო საბჭომ განიხილოს ნათელა თოხაძის განცხადება და უპრობლემოდ აღადგენენ სამსახურში, ოღონდ სასამართლოდან განცხადება გამოიტანოსო.
_ გამოიტანთ სასამართლოდან განცხადებას?
_ მე ამას არ გავაკეთებ, სასამართლოს ძალით ვითხოვ სამსახურში აღდგენას და განაცდურის მიღებას.
“გურია ნიუსი” მელექედურის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნონა ვაშაყმაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებს თუ არა, დატოვოს აღნიშნული თანამდებობა და რა აზრისაა ამის შესახებ რესურსცენტრი.
_ მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ნათელა თოხაძის გათავისუფლებისა და პირველმა გავაპროტესტე ეს ფაქტი. განა, ახლა ვამბობ, მაშინაც ვამბობდი და ეს თქვენი გაზეთის ჟურნალისტებთანაც განვაცხადე, რომ უსამართლოდ გათავისუფლდა და ის უნდა დაბრუნდეს თავის ადგილზე. რესურსცენტრი არაფერ შუაშია, ამას გადაწყვეტს სამეურვეო საბჭო, რესურსცენტრის ჩარევის გარეშე. ჩემგან, ნონა ვაშაყმაძისგან, ეს ადგილი ახლა კი არა, რვა თვეა, ვაკანტურია. უბრალოდ, მოვალეობას ვასრულებდი.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ირინა ინარიძეს და ნათელა თოხაძის სამსახურში აღდგენის შესახებ ვკითხეთ.
_მე არასოდეს ვიყავი ნათელა თოხაძის წინააღმდეგი და ახლა რატომ ვიქნები? მთავარია, სამეურვეო საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ვართ შუალედური რგოლი და როცა სამეურვეო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, ამის საფუძველზე წერილს გავგზავნით სამინისტროში. რაც შეეხება განაცდურს, ეს სასამართლოს მეშვეობით უნდა აუნაზღაურდეს. გეტყვით იმასაც, რომ 2011 წელს გათავისუფლებული ყველა დირექტორი მოვიდა ჩვენთან, რომლებსაც ვაკვალიანებთ, მიმართონ სამინისტროს და მოხდება მათი აღდგენაც. არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები ადამიანის გათავისუფლების მომხრე. თავის მხრივ, ნათელა თოხაძე აღნიშნავს, რომ ირინა ინარიძეს არ სურდა მისი გათავისუფლება, მაგრამ მასზე მოხდა ზეწოლა. თუმცა, ვისგან, ახლა ამას არ აკონკრეტებს.
ასე რომ, ნათელა თოხაძეს ახლა მელექედურის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღსადგენად წინააღმდეგობას არავინ უწევს, თუმცა იგი სასამართლოდან სარჩელის გამოტანას არ აპირებს, რადგან განაცდურის მიღებაც სურს.