ლევან გზირიშვილი 1999 წელს ხაშურის რაიონის პროკურორად მუშაობდა. დეკლარაციის მიხედვით, ამ წელს მას 183 ათასი ლარის ღირებულების ქონება აქვს, ნაღდი ფულის სახით კი _ 5 000 ლარი. ხელფასად 360 ლარი აქვს მითითებული.
2000 წელს, გზირიშვილი მცხეთის რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარე ხდება, სადაც “ვარდების რევოლუციამდე” რჩება. 2004 წლიდან კი იგი საქართველოს პარლამენტის კასპის რაიონის მაჟორიტარად აირჩიეს. 2004 წელს გზირიშვილის ქონება დეკლარაციაში არ იცვლება. ნაღდი ფულის სახით მას 11 ათასი ლარი აქვს.
გზირიშვილი საპარლამენტო ფრაქცია “ჩვენი საქართველოს” წევრი იყო. მასთან ერთად ფრაქციაში ვალერი გელბახიანი, ნიკა კვეზერელი, არსენ მგელაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, გოჩა ჯოჯუა, გოგი წულაია, თემურ დოლიშვილი და მერაბ ხურციძე იყვნენ გაწევრიანებულნი. იგი გარკვეული დროის განმავლობაში პარლამენტის იურიდიული კომიტეტშიც იყო.
2005 წლის დეკლარაციის მიხედვით, გზირიშვილის ქონება 568 ათასი ლარია. საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 17 ლარი აქვს მითითებული, ნაღდი ფულის სახით კი 17 ათასამდე ლარი.
გზირიშვილს მამაპაპისეული სახლი კასპში, გრიშაშვილის 18-ში აქვს, რომელიც დედის, ლამარა მესროფაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. ლევან გზირიშვილის სახელზეა თბილისში ოთხოთახიანი ბინა, პეტრიწის 8, ბ-63-ში.