პროტესტის უკიდურესი ზომისთვის მიმართვა მას შემდეგ მიიჩნიეს საჭიროდ, რაც ცნობილი გახდა, რომ “თელასის” გენერალურ დირექტორსა და სამსახურში აღდგენის მოლოდინში მყოფ თანამშრომლებს შორის არსებული შეთანხმება დაირღვა;
_ გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი შეგვპირდა, რომ ორშაბათიდან დაიწყებოდა უსამართლოდ დათხოვნილთა სამსახურში აღდგენის პროცესი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ გენერალურმა დირექტორმა დილით, გამთენიისას, საქართველო დატოვა _ 6 საათზე მძღოლმა სარფის საზღვარზე გადაიყვანა. ამიტომ, ხვალიდან ჩვენი ორი თანამშრომელი შიმშილობის დაწყებას აპირებს და საპროტესტო აქციებიც გაგრძელდება, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში საინიციატივო ჯგუფის წევრი ნინო ტივაძე.
დათხოვნილი თანამშრომლები ფიქრობენ, რომ “თელასის” ხელმძღვანელები დროს სპეციალურად ჭიმავენ, რადგან მათი ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტი კახი კალაძე და “თელასის” მეპატრონე ბორის კოვალჩუკი ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.
“თელასიდან” გათავისუფლებული თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონობის მსხვერპლნი არიან და შელახული უფლებების აღდგენას ითხოვენ. დღეისთვის სამსახურში აღდგენას რამდენიმე ათეული თანამშრომელი ითხოვს.