ლელა აქუბარდია, რომელიც აცხადებს, რომ ლევან ქარდავას ოჯახის ახლობელია, ჟურნალისტებთან ამბობს, რომ 14 საათის განმავლობაში მათ არ იციან, რა მდგომარეობაშია მოწმის სტატუსით დაბარებული ლევან ქარდავა.
_ ჩვენი ინფორმაციით, მას დაურეკეს და უთხრეს, რომ თათბირი ტარდებოდა და იქ იყო გამოძახებული. ამის შემდეგ ვიგებთ, რომ მოწმის სტატუსით, მთავარ პროკურატურაშია დაკითხვაზე. ამ დრომდე, დღის 13:00 საათიდან მოყოლებული, მის შესახებ არაფერი ვიცით, ამიტომ მოვუწოდებთ სახალხო დამცველის აპარატს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩაერთონ ამ პროცესში, _ აცხადებს ლელა აქუბარდია.
შეგახსენებთ, რომ ლევან ქარდავა მეგის ქარდავას ძმაა და ის თავის საქმიანობას “კუდში” აგრძელებდა. მის უფლებებს ადვოკატი კახა შონია იცავს, რომელიც ლევან ქარდავასთან ერთად იმყოფება დაკითხვაზე.