ხათუნა ჩარკვიანის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად: საინიციატივო ჯგუფის წევრები შეხვედრაზე განიხილავენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს გაკეთებული მიმართვის საფუძველზე შემუშავებული სამოქმედო გეგმისა და კონკრეტული ღონისძიებების დეტალებს. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ მიმართვაში მინისტრმა მოუწოდა საუნივერსიტეტო დავებში ჩართულ მხარეებს საერთო ენის გამოძებნისა და თანამშრომლობისაკენ, რითაც შესაძლებელი გახდებოდა სასამართლოს გარეშე, მორიგების საფუძველზე კონკრეტული მექანიზმების ჩამოყალიბება და არსებული პრობლემების მოგვარება, რაც თსუ-ს რექტორატის მიერ არ იქნა გაზიარებული.
აღსანიშნავია, რომ თსუ-ს უფლებადარღვეულ პროფესორთა პრობლემებზე და უნივერსიტეტის გადარჩენისა და განვითარების კონცეფციაზე მუშაობს მეცნიერთა რამდენიმე ჯგუფი, კერძოდ ,”უნივერსიტეტელი”, ,”ქართული აკადემია,” “სოლიდარობა განათლებული საქართველოსთვის”,ვისთან შეხვედრაც თსუ-ს საინიციატივო ჯგუფმა გუშინ გამართა “ქართული აკადემიის” ოფისში.
თსუ-ს ყოფილ პროფესორთა საინიციატივო ჯგუფის წევრები მინისტრს ასევე მიაწვდიან პრობლემის გადაწყვეტის კომპრომისულ ვარიანტს და გარდამავალი ეტაპის სამოქმედო გეგმის მისეულ ხედვას. ჯგუფის წევრები უახლოეს მომავალში გამართავენ პრესკონფერენციას, სადაც მედიას წარედგინება განათლების მინისტრთან განხილული და შეჯერებული კონცეფციის ძირითადი დებულებები.