ბესო სურმავას ახლობლები და ოჯახის წევრები, “გურია ნიუსთან” მაშინვე აცხადებდნენ, რომ ეს ჩანაწერები ბესო სურმავას არ ეკუთვნოდა.
ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას გაუჩინარების შესახებ, საზოგადოებისთვის პირველად „გურია ნიუსის“ საშუალებით გახდა ცნობილი.
ბესო სურმავას მეუღლემ მაკა ლობჟანიძემ 27 სექტემბერს, “გურია ნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რომ მისი მეუღლის ადგილსამყოფელი უცნობი იყო მისთვის, ის მოულოდნელად გაუჩინარდა. მისივე ინფორმაციით, ის სამართალდამცველებს ჰყავდათ აყვანილი.
დაკავების მიზეზი ლობჟანიძისთვის უცნობი იყო. ამბობდა, რომ მიმართვა, რომელიც დღის მეორე ნახევარში გავრცელდა და “youtub” –ზე აიტვირთა, რომელშიც მისი მეუღლე ბიძინა ივანიშვილის მაკომპრომიტირებელ მასალებზე საუბრობდა, ძალდატანების შედეგია იყო.იგივეს ამბობდა სურმავას ცოლისძმა:
_ ბესო ამ დილით აიყვანეს სამართალდამცავებმა. ის მორიგეობიდან სახლში ბრუნდებოდა და გზიდან გაუჩინარდა. ამ დროისთვის, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მიმართვა, რომელიც გავრცელდა, ბესოს პოლიციაში ჩააწერინეს “სკაიპის” მეშვეობით და გეტყვით, რომ ბესოს არანაირი მაკომპრომიტირებელი მასალები და ჩანაწერები არ ჰქონია _ ეს ყველაფერი სამართალდამცავების ნამოქმედარია”
გავრცელებულ ჩანაწერზე მაშინ, კომენტარი ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა:
_ ეს არის ახალი ფაბრიკაცია. ჩემი დაცვის თანამშრომელი რაღაცით დააშინეს, ამათ ასეთი მეთოდები აქვთ. ის არაფერ შუაშია და არავითარი დავალება მას არ ჰქონდა. ამის დატვირთვა არის ერთადერთი _ როგორმე გადაფარონ თემა იმ მკვლელობების, იმ წამებების, რაც ციხეებში ხდებოდა. ამიტომ, ნებისმიერ ინფორმაციას ყრიან იმისთვის, რომ როგორმე მოსახლეობამ დაიწყოს ამაზე საუბარი. როგორმე “რუსთავი 2”-მა, პირველმა არხმა, “იმედმა”, “რეალტივიმ” მოახერხონ და გადაფარონ ის დანაშაულებრივი ქმედებები, რაც ქართულ ციხეებში ხდებოდა და რასაც სააკაშვილი უკვეთავდა. ცდილობენ, გადაფარონ ის სირცხვილი, რაც ჩვენ ვნახეთ. მთელ მსოფლიოში თავი მოგვეჭრა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია ერთადერთი მიზნით _ როგორმე გადაფარონ თემა, ფაქტები, რეალობა, რომელიც არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია, _ განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ17 საათიანი დაკითხვების შემდეგ, მთავარმა პროკურატურამ დაკავებული 12 მაღალჩინოსნის სია გამოაქვეყნა. “გურია ნიუსისთვის” გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის ვიცე-მერ შოთა ხიზანიშვილის მიმართ 333-ე მუხლით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება) აღძრული საქმე ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ ბესო სურმავას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვას უკავშირდება. ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.
აღნიშნულ ფაქტზე გუშინწინ მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდნენ კუდ-ისა და სოდ-ის მაღალჩინოსნები _ გიორგი ყავლაშვილი და ლევან ქარდავა.