_ წუხელ რომ წავედით, შევამჩნიეთ, რომ ავტომანქანები აგვედევნა. ჩვენ ჯერ ბაჩოსთან მივედით სახლში, ბატონი როლანდი ვნახეთ, შემდეგ თენგო აკაკი მინაშვილმა მიიყვანა თვითონ და სახლის სადარბაზოსთან ჩამოსვა. როგორც ჩანს, ის სადარბაზოშივე აიყვანეს. ის ბრალი, რაც მას აქვს წაყენებული, იარაღის უკანონო შენახვა და ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა- შენახვა, სრული აბსურდია. ამ სიტუაციაში, უკანასკნელი სულელიც კი არ იზამდა ამას. ადამიანი ყოველდღე პროკურატურასთან და ციხესთან იდგა და სახლში იარაღას ინახავდა? როგორ ფიქრობთ, ეს ბრალდება ახლო დგას რეალობასთან ან საერთოდ ნორმალურია?, _ აცხადებს თეა თუთბერიძე.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ამ დაკავების შესახებ, “გურია ნიუსს” პარლამენტარმა აკაკი მინაშვილმა მიწოდა, რომლის თქმით, თენგიზ გუნავას დაკავება წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
მისი განცხადებით, თენგიზ გუნავა იარაღის უკანონო შენახვისთვის და ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.
_ მე თვითონ მივიყვანე გუშინ გვიან ღამით თენგიზი სახლში და ის ბრალდება, რისთვისაც დააკავეს, აბსურდია. როგორც ჩანს, თენგიზ გუნავა სადარბაზოდანვე აიყვანეს და ის შსს წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
აკაკი მინაშვილის განცხადებით, თენგიზ გუნავას ადვოკატი დავით დეკანოიძეა.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა, სადაც გაგვიცხადეს, რომ იმის გარდა, რაზედაც დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა ისაუბრა, ვერაფერს გვეტყვიან.