ხელისუფლების წარმომადგენელთა არა ერთი განცხადების მიუხედავად, რომ საქართველოში პურზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის, გასულ კვირას პურის ფასი, კიდევ ერთხელ, 10 თეთრით გაიზარდა. მწარმოებლები პურის გაძვირებას ფქვილზე ფასის ზრდით ხსნიან.
როგორც გაირკვა, არის ობიექტები, სადაც ფასები არ გაზრდილა, მაგრამ პურის წონა შემცირდა. ობიექტების უმრავლესობა კორექტირებას პურის ფასის ზრდით აკეთებს. პურის მწარმოებლებთან გავარკვიეთ ისიც, რომ ძირითადმა მიმწოდებელმა ერთი ტომარა ფქვილი ქარხნებს ორმოცდათორმეტ ლარად მიაწოდა. მათივე ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ფქვილის კიდევ უფრო გაძვირების შემთხვევაში, პურის ფასმა ისევ მოიმატოს.
გაძვირებული ცხოვრების ფონზე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას მარტში 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერების დარიგებას დაჰპირდა.
როგორც სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ისევე, როგორც დენის ვაუჩერის, სასურსათო ვაუჩერის სხვა ოჯახისთვის გადაცემაც შესაძლებელი იქნება. მისი თქმით, ეს იქნება “სახელმწიფოს მცირე დახმარება გაჭირვებული ადამიანებისთვის”. პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ პროდუქტებზე გავრცელდება ვაუჩერებით სარგებლობა და შეეხება თუ არა ის პურპროდუქტებს.
ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება სააკაშვილმა მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობით და ფასების ზრდით ახსნა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფასები მხოლოდ საქართველოში არ იზრდება და ამ პრობლემამ მთელი სამყარო მოიცვა.
უკვე ცნობილია, რომ სასურსათო ვაუჩერების ბანკებში განაღდების საშუალება მოსახლეობას 10 მარტიდან ექნება. რომელი ბანკები მოემსახურებიან მოქალაქეებს, როგორ შეირჩევიან ან რამდენი ბანკი გაანაღდებს ვაუჩერს, ჯერჯერობით უცნობია.
_ მე არ ვაპირებ ხელები ჩამოვუშვა და ყველაფერი გლობალურ პროცესს დავაბრალო. ჩვენ ადგილობრივი გამოსავალი უნდა მოვნახოთ _ ეკონომიკა უნდა დავიცვათ ინფლაციისგან”, _ განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც უნდა ვებრძოლოთ პროდუქციაზე ფასების ზრდას, “ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებაა”.
ადგილობრივი წარმოება რომ კრიზისის შემსუბუქების ერთ-ერთი აქტიური ინსტრუმენტია, ამაზე ექსპერტებიც თანხმდებიან. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ფასების ზღვარგადასული ზრდის მთავარი მიზეზი ადგილობრივი წარმოების არარსებობაა.
შიდა წარმოების განვითარებაზე საუბარს მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში თავისი გამოსვლის დიდი დრო დაუთმო და ფასების დარეგულირების ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა. როგორც მან თქვა, ამ სფეროს განვითარებისთვის დამატებით 150 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ხელისუფლებას, მისეულ გამოსავალს სთავაზობს ოპოზიცია _ “ახალმა მემარჯვენეებმა” საზოგადოებას და ხელისუფლებას ხუთპუნქტიანი გეგმა შესთავაზეს, რომელიც, მათი აზრით, ინფლაციის შეჩერებას უზრუნველყოფს: _ მათ შორის ერთ-ერთი ქვეყანაში ძირითადი საკვები პროდუქტების და ფართო მოხმარების საგნების იმპორტზე არსებული მონოპოლიების გაუქმებაა. პურზე ფასების ასეთ ზრდას საქართველოში სწორედ ეს მონოპოლიები განაპირობებენ, რომლებიც ხელისუფლების “შავი სალაროს” დონორები არიან. თუ იქნება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება, გაუქმდეს მონოპოლიები და გზა მიეცეს ფართო კონკურენციას, ფასები დაიწევს. რაც შეეხება ხელისუფლების მიერ “ანტიინფლაციურად” მონათლულ ზომებს _ 20-ლარიან ენერგო და 30-ლარიან სასურსათო ვაუჩერებს, ცხადია ეს ინფლაციას უფრო გაზრდის. ეკონომიკური ფაკულტეტის პირველკურსელიც კი გეტყვით, რომ ინფლაციას მიმოქცევაში გამოშვებული ჭარბი ფული განაპირობებს. ეს 50 მილიონი ლარი, ცხადია, ჭარბი ფულია და ის ინფლაციას ვერ შეამცირებს. 50 ლარით მოსახლეობა ერთი თვის განმავლობაში სულს მოითქვამს, მაგრამ შემდეგ თვეებში ეს ფული ისევ მის ჯიბეს დაარტყამს. ასე რომ, ეს გამოსავალი არ არის. ჩვენ ხელისუფლებას გამოსავალი შევთავაზეთ, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ინტერესში არ შედის ინფლაციასთან რეალური ბრძოლა. ხელისუფლება რატომღაც დარწმუნებულია, რომ მას ამის გამო პრობლემა არ შეექმნება, თუმცა ინფლაციას ვერაგი ბუნება აქვს _ ის შეიძლება ისე გაგექცეს, რომ ვეღარ მოთოკო. ასეთ შემთხვევაში სიტუაცია ქვეყანაში დამძიმდება და ისევ მოსახლეობა იზარალებს, _ განაცხადა ჩვენთან საუბარში მანანა ნაჭყებიამ.
ამ ფონზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ხორბალზე ფასების “მნიშვნელოვან ზრდას” გამორიცხავს _ მისი თქმით, “ფასების დიდი ზრდა მოსალოდნელი არ არის” და ამის დამადასტურებლად ხორბლის მარაგის ქონას ასახელებს, ხოლო რატომ გაიზარდა ფასები მარაგის მიუხედავად, კვეზერელი ამბობს, რომ “სამწუხაროდ, მარაგები გარდამავალია” და ფასების ზრდას იმით ხსნის, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბალი გაძვირდა, მათ შორის, იმპორტიორ უკრაინასა და ყაზახეთში.
ამას გარდა, სოფლის მეურნეობის მინისტრს ქვეყანაში ხორბლის მოსავლის იმედიც აქვს. მისი თქმით, ვითარება გამოსწორდა და საქართველო ხორბლის კარგ მოსავალს ელოდება, თუმცა, არ ასახელებს, ამ პროგნოზს საფუძვლად რა უდევს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved