სავარაუდოა, რომ პრეზიდენტის ოჯახი შეშფოთებით ელოდება ოქრუაშვილის ალაპარაკებას, რასაც, შესაძლოა, პრეზიდენტის ბიძის თემურ ალასანიას პროკურატურაში დაბარება მოჰყვეს.
2007 წლის 25 სექტემბერს ტელეიმედის ეთერში გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაში, ოქრუაშვილმა პრეზიდენტის ბიძის თემურ ალასანიას დაკავება გაიხსენა. მაშინ ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კურირებდა.
“ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, მაგრამ ეს მოხდა პეროვსკაიაზე რესტორან “სან ტაფეში.” სუფრასთან ისხდნენ თემურ ალასანია და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი ვინმე კაპანაძე. ალასანიამ მას უთხარა, რომ 200 ათასის გადახდის შემთხვევაში არანაირი წილების არევა არ მოხდებოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ზესტაფონის ფეროს პრივატიზაცია ხდება და ავსტრიული კომპანია იძულებულია წილი დათმოს სახელმწიფოს სასარგებლოდ” _ განაცხადა ოქრუაშვილმა გადაცემა “ღია ეთერში.”
ოქრუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ბიძა და “ფეროს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ფულის გადაცემის მომენტში დააკავეს, რაც ოქრუაშვილის თქმით დაფიქსირებულია სამინისტროს შეტყობინებათა ჟურნალში.
ბიძის დაკავების შესახებ პრეზიდენტს ტელეფონით პირადად შინაგან საქმეთა მინისტრმა აცნობა. სააკაშვილი არც აღელვებულა, მინისტრს ბიძის გაშვება მოსთხოვა , რასაც ეს უკანასკნელი უსიტყვოდ დამორჩილდა…
ვინ არის კაპანაძე, რომელმაც პრეზიდენტის ბიძას 200 ათასი გადაუხადა?
2003 წელს სახელმწიფომ ავსტრიულ კომპანია DჩM Dეცომეტალ-ს პირდაპირი მიყიდვის წესით, 7,1 მლნ დოლარად მიჰყიდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის აქციათა საკონტროლო პაკეტი – 51%, თუმცა მენეჯმენტი ქართული დაჯგუფების ი. კოკაიას, გ. კაპანაძის და ნ. ჩიქოვანის ხელში ხვდება. მალევე კვიპროსზე, თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, ნიქოზიაში დარეგისტრირდა კომპანია “შელრომეხ” რომელსაც გადაეცა ფეროშენადნობთა ქარხნის აქციათა პაკეტის 96%, აქედან 28% ავსტრიულ კომპანიას DCM Decometal-ს ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, დარჩენილი აქციები ქართულ დაჯგუფებას მათ შორის გიორგი კაპანაძეს ერგო.
2005 წლის ბოლოს, ავსტრიული მხარის ჩარევით “ფეროს” ქართველი აქციონერების წინააღმდეგ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური დარღვევის გამოვლენის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ქართული დაჯგუფება საქართველოდან წავიდა, ბიუჯეტს კი 63 მილიონის დავალიანება დაუტოვა.
ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნებამ ბევრ ყოფილ თუ მოქმედ ჩინოვნიკს გაუჩინა საფიქრალი, მათ შორისაა სააკაშვილების დიდი ოჯახიც.