ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის სათესლე მასალის კონკრეტული წონა და ფასი მაინც დაუდგენელია. რაც მთავარია, გარკვეულია, რომ დათესვისას, ყვავები მარცვლების აკრეფას ვერ მოასწრებენ. ამ სიმინდს არც ასი კაბა აცვია და აბრეშუმის ქოჩორიც ნაკლებად ამშვენებს, უბრალოდ, ყვითელია და მომცრო, ჰიბრიდული ჯიშის სახელით გავრცელებული, თუმცა სატელევიზიო პიარშეტყობინებებით, რაღაც სასწაულშედეგოვანი უნდა იყოს. სპეციალისტებისა და მოსახლეობის დაუკითხავად, ხელისუფლებამ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის (ამბობენ, 60 მილიონის) სათესლე მასალა “გაჩითა” და წლეულს უკვე “აბაშური ექსპერიმენტის” მეორე სერიის მოწმენი გავხდებით.
ჰიბრიდულ სიმინდის დამახასიათებელი ნიშნებია: მაღალი მოსავლიანობა და მარცვლის მიერ, მწიფობისას, ტენის სწრაფად გაცემის უნარი. გააჩნია უპირატესობები, რაც გამოიხატება სტაბილურობაში, გამძლეობასა და პროგნოზირებადობაში, _ გვაუწყებს კომპანია “პიონერი”. მართალია, საქართველოს პრეზიდენტი თვითონ დადის საქართველოს რეგიონებში და გლეხებს კარდაკარაც ხვდება, მაგრამ მაინც ვერავინ გაიგო, რა ღირს ზარ-ზეიმით შემომავალი სიმინდის წონითი თესლი, რომლის სამყოფობის ზუსტი გაანგარიშება ასეთია, _ ერთ ჰექტარ ფართობზე ითესება 65 ათასი მარცვალი, რაც დაფასოებული სახით 240 ლარი ღირს. რაოდენობაში დაგაკლეს თუ არა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიგებ, ამ 65 ათასი მარცვლის დათვლას თესვის სეზონის გასვლამდე თუ მოასწრებ. გურულების თქმით, ამას თაღარებსა და ნაბაკევებში, (ადგილობრივი ტოპონიმიკაა, ჩემო მკითხველო) ყვავებზე უკეთ ვერავინ დაითვლის, თუმცა ამ თეორიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლაშა ღლონტი: _ ყვავები რას გახდებიან? როცა თესლი მოიბნევა, მექანიზატორი თავისი ტრაქტორით სასწრაფოდ უკან მიყვება და დაფარცხავსო.
_ ბატონო ლაშა, როგორც ცნობილია, სახელმწიფო პროგრამით წელს გურიაში პირველად ხდება ყვითელი სიმინდის დათესვა, თუმცა ბევრმა დაინტერესებულმა პირმა ვერსად გაიგო, რა ღირს 1 კილოგრამი სათესლე მასალა?
_ ეს ასე არ ხდება, წონით არ იყიდება, ხდება დაფასოება და საშუალოდ, ერთ ჰა ფართობს ყოფნის 65 ათასი მარცვალი, რაც 240 ლარი ღირს.
_ იქნებ, მხოლოდ 2 000 კვ. მ. ფართობზე ვთესავ და არ მჭირდება ამდენი მასალა?
_ ჯერ არ იყო გათვლილი მცირემიწიანების საკითხი, ახლა იწყება დაფასოება და, ალბათ, 2500 კვ. მ. ფართობს დასჭირდება 70 ლარის ღირებულების სათესლე მასალა.
_ კეთილი და პატიოსანი, მერე გლეხს სად აქვს იმის საშუალება, რომ ცალკე სათესლე მასალაში ამდენი ფული გადაიხადოს?
_ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, ანუ სახელმწიფომ ჩამოიტანა ამ სიმინდის თესლი და გლეხს აძლევს საშუალებას, იყიდოს, ისარგებლოს შეღავათით _ მოსავლის აღებამდე აცლის ღირებულების გადასახადს.
_ რას ნიშნავს ტელევიზიით გაცხადებული 7-თვიანი შეღავათი _ გლეხი რომ ბანკიდან სესხს აიღებს და ნახევარი წლის მერე, პროცენტით გადაიხდის, ამას შეღავათი ჰქვია?
_ ვისაც ხელზე ფული ექნება, შეუძლია, მაშინვე იყიდოს, სახელმწიფო არაფერს თხოვს (?!), მაგრამ ბანკი მოითხოვს, აბა, როგორ იქნება?! ვინც თესლს ბლომად წაიღებს, საგარანტიო წერილს მიიღებს.
_ გურულები ხუმრობენ, ასე ძვირი სიმინდის თესლის ყიდვა თუ მოვახერხეთ, რით ვართ გარანტირებულნი, რომ დასათესად მობნეულს ყვავები არ აკენკავენო?
_ ვერ მოასწრებენ, რადგან თესლის მობნევისთანავე მექანიზატორი სასწრაფოდ ფარცხავს ფართობს.
_ ბატონო ლაშა, იმასაც ამბობენ, რომ ჰიბრიდული სიმინდის დასათეს ფართობს განსაკუთრებულად დახნულ-დაფარცხული მიწა სჭირდება?
_ ფართობი, აუცილებლად კარგად, იდეალურად მოსწორებული უნდა იყოს, დაიჩელტება ისე, რომ თესლი არსად ჩავარდეს და მერე დაითესება ვაკუმური სათესით.
_ ეგ როგორია?
_ ეს აქვს შპს “მექანიზატორს”, როცა ჩამოვა, ნახავენ.
_ ტრაქტორებისთვის სად იქნება დისლოკაციის ადგილი?
_ სოფელ გურიანთაში.
_ რამდენ ჰა ფართობზე ითესება წელს გურიაში აღნიშნული ჯიშის სიმინდი და იქნება თუ არა საკმარისი ტრაქტორების ეს რაოდენობა?
_ სოფლების მიხედვით, მოთხოვნა 159 ჰექტარზეა, თუ ტრაქტორები საკმარისი არ იქნება, მოთხოვნის მიხედვით, დაამატებენ.
_ როდის დაიწყება თესვა, ჩვეულებრივად თუ უფრო ადრე ან გვიან?
_ აპრილის შუა რიცხვების შემდეგ, მაისშიც. მოსავლის მიღებას სულ 90 და 110-დღიანი პერიოდი სჭირდება, ამიტომაც არის კარგი, როცა ჩვენთან გვალვის პერიოდია, ხსენებული ჯიშის სიმინდი უკვე დატაროებულია და სიცხე ვერაფერს აკლებს.
_ ამბობენ, რომ უგემურია და ჩვენს სიმინდს კონკურენციას ვერ გაუწევს…
_ გემოვნებაზეა, პირიქით, ყუათიანობა და სარგებლიანობა მეტი აქვს, მარცვალი ხასიათდება ცილისა და სახამებლის მაღალი შემცველობით, ამიტომაც არის კარგი საკვები საშუალება მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში.
_ როგორია მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელი ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე?
_ სარწყავ ნაკვეთზე, ჰექტარზე 8-10 ტონა, ისე კი, ალბათ, ცოტათი ნაკლები.
_ ბატონო ლაშა, როგორც ამბობენ, რანაირი ხარისხის და რაოდენობის მოსავალიც უნდა მიიღოს გლეხმა, სათესლედ მაინც არ გამოადგება მომდევნო სეზონზე და ამიტომ, სათესლე მასალა ისევ უნდა იყიდოს, ეს კარგია?
_ დიახ, უნდა იყიდოს, მაგრამ ხომ შეუძლია მოგება ნახოს და სხვა, უკეთესი ჯიშის სიმინდი იყიდოს?
_ ანუ “ღარიბი და ქილა ერბო” აქტუალობას არ კარგავს…
_ ყველა განვითარებული ქვეყანა გადასულია ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის მოყვანაზე, ასეთია დღევანდელი რეალობა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ პირველი მარტიდან უკვე შეწყდება სათესლე მასალის შეძენის მსურველთა განცხადებების მიღება. მოსახლეობაში არსებობს გარკვეული ინტერესი, თუ რა შედეგი მოჰყვება ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის “გამოჯიშებას” “ყველა განვითარებული ქვეყნის მსგავს” გურიაში, რაც ამ შემოდგომაზე გვეცოდინება. საყურადღებოა ისიც, რომ დამტვერვის გზით, ჰიბრიდული ჯიშები ადგილობრივი ჯიშების გადაგვარებას იწვევენ. ჯერჯერობით კი აქა-იქ ცოცხლად შემორჩენილ, კოლექტივიზაციის მომსწრე უხუცესებს თუ დავუჯერებთ, “მაი, ბაბა, სილოსია”, თქვენზე ადრე ვთესავდით ფერმის ძროხებიზა და ნამეტანს ნუ გაიქაჩებით, თორემ ნახავთ, “რა მოხდა აბაშაშიო”. ჩვენი კოლეგები ჯავახეთიდან გვარწმუნებენ, რომ თურქულია ჰიბრიდული კარტოფილის თბილისში ჩამოცლის შემდეგ, თურქი მძღოლები ახალციხეში “ჩარბიან” და რამდენიმე ტომარა ჯავახურ კარტოფილს ოჯახებისთვის ყიდულობენ! ყველაზე დიდი მოგება კი მთელი მსოფლიოს ფერმერებისთვის ეკოლოგიურად სუფთა, არაგენმოდიფიცირებული და არაჰიბრიდული ჯიშების პროდუქციის მოყვანას მოაქვს _ განვითარებული მსოფლიო საკუთარ ჯანმრთელობას ძალზე უფრთხილდება!