გაზიფიცირება დიდი შეღავათი იქნებოდა ამ გაუსაძლის პირობებში, 22 წლის მანძილზე ტყე სისტემატურად იჩეხება, გათბობა ხომ გვინდა ამ ყინვაში?” _ ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრები დარეჯან ჟღენტი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რვა თვე გავიდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის მცხოვრებლები კი ამაოდ ელოდებიან მმართველი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას. “ოზურგეთგაზის” დირექტორი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობდა, რომ გაზიფიცირების საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტი არ იყო, ხელისუფლება კი კვლავ გვპირდება, რომ გაზიფიცირება მალე დაიწყება.
“გურია ნიუსი” რამდენჯერმე წერდა აღნიშნული პრობლემის შესახებ. დარეჯან ჟღენტი ჩვენი გაზეთის ოზურგეთის განყოფილებას კიდევ ერთხელ ეწვია და შეუსრულებელ საარჩევნო დაპირებებზე ისაუბრა:
_ 22 წელია, სოფელი გურიანთა ბუნებრივი აირის შემოყვანას ამაოდ ელოდება. ამ ხნის განმავლობაში მერამდენედ მოტყუვდა ხალხი. წინასაარჩევნოდ დაპირებები უხვად დაგვაყარეს, რომელთა შესრულება არავის უნდა. გურიანთა გაზის მილსადენის შემოყვანამ დიდად დააზარალა _ შემცირდა სახნავ-სათესი ფართობები, სოფლის ცენტრალურ გზაზე ახალდაგებული ასფალტის საფარი შუაზე გაიჭრა, სოფლის დახმარების პროგრამით ისევ გადაიგო, მაგრამ ამის გამო სოფლის გზები დღემდე დაზიანებულია. სამაგიეროდ, ამ სოფლის ხარჯზე, სადაც გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი გადის, ქალაქი და რამდენიმე სოფელი იღებს გაზს. რა დააშავეს ასეთი გურიანთელებმა, რომ ხელისუფლება ჯიბრში უდგას? “სოკარი” კერძო კომპანიაა, მაგრამ მიმართულებას ხელისუფლება აძლევს. ბატონ გუბერნატორს, თქვენი გაზეთის საშუალებით ერთხელ უკვე შევახსენე, რომ წინასაარჩევნოდ დაპირებული ახლაც არ არის შესრულებული, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი გადის.
_ სახნავ-სათესი ფართობები მაშინ თქვენი ნებით გადაეცით აღნიშნულ კომპანიას უსასყიდლოდ?
_ რა თქმა უნდა, არაფერი არ მიგვიღია, უბრალოდ, შეთანხმება იყო.
_ რას შეგპირდათ გუბერნატორმა წინასაარჩევნოდ?
_ აუცილებლად, პირველ რიგში, გურიანთაში შევა გაზიო. სოფლის დეპუტატმა მითხრა, თუ რაიმე ღონისძიება არ მივიღეთ, ნასაკირალში აპირებენ გაზის შეყვანასო. როგორც ვიცი, ამ მიმართულებით მართლაც დაწყებულია გაზის შეყვანა. ამის შემდეგ შევდივარ ისევ გუბერნატორთან.
_ ბოლოს როდის მიმართეთ ხელისუფლებას?
_ ერთი თვის უკან ჩვენთან იყო მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე. მაშინაც პრიორიტეტი გაზიფიცირებას მიენიჭა. “სოკართან” ვიშუამდგომლებთ და გაზს გამოგიყვანთო, კიდევ ერთხელ დაგვპირდნენ. მე გესაუბრებით მთელი სოფლის სახელით _ 700-მდე კომლი ითხოვს გაზის შემოყვანას. გაიჩეხა ქარსაფარი ზოლები, ნაკრძალი, ტყეები და ისე წავიდა საქმე, სუნთქვის საშუალებაც არ გვაქვს. გაზიფიცირება ძალიან დიდი შეღავათი იქნებოდა ამ გაუსაძლის პირობებში. ტყე გაჩეხა მოსახლეობამ, გათბობა ხომ უნდათ ამ ყინვაში? 22 წლის განმავლობაში ტყე სისტემატურად იჩეხება.
გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ გაზიფიცირების პროცესი მუდმივად ხორციელდება; _ მინდა ყველას ვუთხრა და მათ შორის იმ ქალბატონსაც, რომ საარჩევნო პერიოდში არ ვპირდები არავის, რომ რაიმე არჩევნებისთვის კეთდება. გაზიფიცირება მუდმივად ხორციელდება და ახლაც, ცუდ ამინდშიც მუშაობენ. წლის ბოლომდე, ქალაქის აბსოლუტურად ყველა ქუჩაზე იქნება გაზი შეყვანილი. რაც შეეხება გურიანთას და სოფელ ოზურგეთს, როგორც შევპირდით და ვუთხარით, იქ გაზიფიკაცია 2011 წლის ბოლომდე დამთავრდება, ანუ როგორც კი მოგვცემს ამინდები საშუალებას მასშტაბურად გაგრძელდება სამუშაოები. გურიანთა და სოფელი ოზურგეთი პრიორიტეტული სოფლებია _ ისინი პირველ რიგშია ჩაწერილი, პროექტები უკვე დამუშავებულია. არა მარტო სოფელ ოზურგეთსა და გურიანთაში გაგრძელდება სამუშაოები, არამედ ჭანიეთის, ლაითურის, ნარუჯისა და მელექედურის მიმართულებით, _ კვლავ ადასტურებს ჩიტაიშვილი.