ამ დრომდე, ციხეებს კომპანია “ქართული კვება” ამარაგებს, რომელიც სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის “დელტას“ კუთვნილებაა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ციხეების საკვებით მომარაგება ბაჩო ახალაის და დელტას ხელმძღვანელის რევაზ ჭარბაძის ბიზნესია. 2011 წლის 19 ივლისს პრემიერმა ნიკა გილაურმა დადგენილებაც კი გამოსცა შპს “ქართული კვების კომპანიისათვის” საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ.
“ქართული კვების კომპანიასთან” ხელშეკრულების ვადა იანვარში იწურება, სოზარ სუბარს კომპანიის ანგარიშზე თანხა წინასწარ გადახდილი დახვდა.
_ ამ კომპანიის ერთბაშად ჩანაცვლება, სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევდა. ახალი ტენდერი, რასაც პრემიერის აპარატთან ერთად ჩავატარებთ, მალე გამოცხადდება. ეს იქნება სამ ლოტად გაყოფილი დასავლეთ საქართველო და 2 ლოტი _ აღმოსავლეთ საქართველო. ასე რომ, კომპანიებს მოვუწოდებ დაელოდონ ჩვენს ტენდერს და მონაწილეობა მიიღონ მასში, _ აცხადებს სოზარ სუბარი.