მოსამართლე, ანა ღელეღვას 29 ნოემბრის განჩინებაში წერია: “შეჩერდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 ოქტომბრის N99 განკარგულებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე ავთანდილ სტურუას დანიშვნის თანხმობის შესახებ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 24 ოქტომბრის ბრძანების სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლად ავთანდი სტურუას დანიშვნის შესახებ, მოქმედება მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.”
“გურია ნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირები ერთ-ერთ მოსარჩელეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, კობა ძიძიგურს ესაუბრა.
_ ბატონო კობა, რატომ შეიტანეთ საჩივარი სასამართლოში სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ?
_ 23 ოქტომბერს გამგებელი იყო კობა კანდელაკი. მან თანამდებობიდან გადადგომაზე განცხადება დაწერა, თუ დააწერინეს… ბიურომ ეს განცხადება იმ დღესვე დარღვევით განიხილა სხდომაზე და ბიურომ მე-2 დღეს, 24 ოქტომბერს, 12 საათისთვის ჩანიშნა სხდომა. ეს არის კანონის დარღვევა. არ შეიძლება ყოველ საათში სხდომების დანიშვნა, ამისთვის გარკვეული ვადაა. დებულებაში წერია, რომ სანამ ბიუროს სხდომა გაიმართება, ამის შესახებ, საზოგადოებისთვის ორი დღით ადრე უნდა იყოს ცნობილი. ჩვენ დებულებაში, ბიუროს სხდომიდან საკრებულოს სხდომამდე 7 დღიანი ვადა გვიწერია. 7 დღით ადრე მოსახლეობისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა საკითხებზე იქნება საკრებულოს სხდომა. კონკრეტულ შემთხვევაში, 23 ოქტომბერს განიხილეს კანდელაკის განცხადება, ამავე დროს, უმთავრესი დარღვევა რაც იყო, 24 ოქტომბრის 13:00 საათზე დაინიშნა საკრებულოს მეორე სხდომა.
_ მეორე სხდომაზე რა საკითხი განიხილებოდა?
_ მეორე სხდომაზე განსახილველი იყო ერთი საკითხი, თანამდებობრივი სარგოს განაწილების შესახებ. ეს არის თაღლითური, ფარული გარიგება მათ შორის. არავითარი აუცილებლობა კი არა, ელემენტარულად საჭიროებაც კი არ იყო იმის, რომ ეს ორი საკითხი ცალ-ცალკე სხდომაზე განხილულიყო. თავისუფლად შეიძლებოდა ორივე საკითხი ერთ სხდომაზე განხილულიყო, მაგრამ ჩანაფიქრი რაშიც იყო მერე გამოჩნდა. ეს იყო უკანონო ფარული გარიგება საკრებულოს თავმჯდომარესა და ავთო სტურუას შორის.
_ რა მოხდა სხდომაზე?
_ 12 საათზე ჩატარდა სხდომა, რომელზეც, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილეს კანდელაკის განცხადება გათავისუფლების თაობაზე. 12 საათიანი საკრებულოს სხდომის შემდეგ, გაიმართა ბიუროს სხდომა, რომელიც წინ უნდა უძღოდეს საკრებულოს სხდომას. საკრებულოს სხდომის წინ, ნახევარი საათით ადრე, გაიმართა ბიუროს სხდომა, სადაც თანამდებობრივი საკითხის შესახებ იყო განხილვა. ამ დროს, ბიუროს სხდომაზე შემოიტანეს განცხადება, მიართვეს საკრებულოს თავმჯდომარეს და უთხრეს: თქვენს სახელზე განცხადება არისო. უი, რა განცხადება არისო, თითქოს საკრებულოს თავმჯდომარემ, ალესანდრე ჯვარშეიშვილმა მაშინ გაიგო ეს ამბავი, წაიკითხა და თქვა: აი გამგებლის პოსტი ვაკანტური რომ არის, გაუგია სტურუას და განცხადება შემოგვიტანა და გვთავაზობს თავის კანდიდატურას გამგებლის პოსტზე და ბარემ შევიტანოთ ეს საკითხიც, საკრებულოს სხდომას კი ვატარებთ აგერ ახლავეო. მე იქვე ვუთხარი, რომ ეს დებულებასთან და საკრებულოს კანონებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.
რა თქმა უნდა, ჩემი წინააღმდეგობა არაფრად ჩააგდეს. 13:00 საათზე, საკრებულოს სხდომაზე გამოიტანეს ეს საკითხი. სხდომაზე ვითხოვე, მათქმევინეთ ერთი სიტყვა, იქნებ დამნაშავეა ეს კაცი მეთქი. მიპასუხეს, არჩეულია ეს კაცი, არ არის საჭიროო.
ეს საკითხი სასამართლოში გავასაჩივრეთ და პარასკევს მივიღეთ განჩინება, რომ სტურუას შეუჩერდა უფლებამოსილება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.