მაგალითად, 3 დეკემბერს, გიგი კალანდაძის ნაცვლად გაერთიანებული შტაბის უფროსად ვინმე ირაკლი ძნელაძის დანიშვნა, სამხედრო წრეებისთვისაც დიდი სიურპრიზი იყო. ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დაახლეობით 1 თვის წინ დაინიშნა, კალანდაძის ერთადერთ შემცვლელად სახელდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაპანაძის კანდიდატურას, რომელიც ცალსახად აღიქმება ალასანიას კადრად, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა. პრეზიდენტს არ სურს კონტროლი დაკარგოს ჯარზე, რომლის მთავარსარდალიც თვითონ არის.
როგორც დღეს გაცხადდა, ირაკლი ძნელაძის კანდიდატურა პრეზიდენტსა და მინისტრს შორის კონსესუსისა და კომპრომისის შედეგია.
გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსის წარდგენის პარალელურად პრეზიდენტმა ახალი ბრძანებულებაც გამოსცა _ ცვლილება “საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებას შეეხო, რომლის მიხედვითაც შტაბის უფროსს 4 მოადგილე ჰყავდა. 5 დეკემბერს სააკაშვილმა მოადგილეების რიცხვი 1-ით გაზარდა და იქვე მიუთითა, რომ “გაერთიანებული შტაბის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, გაერთიანებული შტაბის უფროსის დავალებით, გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე”.
რას ემსახურება მოადგილეების შტატის გაზრდა, ამ ეტაპზე, უცნობია.